ბიტკოინი 2018 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი ნოემბრისთვის ემზადება. მიმდინარე თვეში აშშ-ში მოქმედი სპოტ Bitcoin ETF-ებიდან 4.14 მილიარდი დოლარის წმინდა გადინება დაფიქსირდა.
ნოემბერში ბიტკოინის ღირებულება 20%-ზე მეტით შემცირდა. Coinglass-ის მონაცემებით, არსებული დინამიკის შენარჩუნების შემთხვევაში, ეს კრიპტოვალუტისთვის 2018 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი ნოემბერი იქნება. შედარებისთვის, 2018 წლის ნოემბერში ბიტკოინის ფასი 36%-ზე მეტით დაეცა.
კრიპტოვალუტის ფასის ვარდნას თან ახლდა ინვესტორების მხრიდან ბიტკოინზე მიბმული საბირჟო ფონდებიდან (ETF) თანხების აქტიური გატანა. SoSoValue-ის მონაცემებით, ნოემბერში აშშ-ის სპოტ Bitcoin ETF-ებიდან წმინდა გადინებამ 4.14 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეს 2026 წელს მეორე ყველაზე დიდი თვიური გადინებაა — ივნისში ამ მაჩვენებელმა 4.51 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამასთან, 20 ნოემბრის ჩათვლით, ფონდებიდან ზედიზედ ოთხი სავაჭრო დღის განმავლობაში დაახლოებით 1.8 მილიარდი დოლარი გავიდა. მხოლოდ ბოლო სავაჭრო სესიაზე გადინებამ 669.16 მილიონი დოლარი შეადგინა, საიდანაც 544.73 მილიონი დოლარი BlackRock-ის iShares Bitcoin Trust-ზე მოდიოდა.
ბიტკოინის ვარდნას თან ახლდა კრიპტობაზარზე მასშტაბური ლიკვიდაციებიც. პარასკევს, როდესაც ბიტკოინის ფასი ივლისის შემდეგ პირველად ჩამოსცდა 60 000 დოლარს, დაახლოებით 1.53 მილიარდი დოლარის ღირებულების ბერკეტული კრიპტოპოზიციები გაუქმდა. ამასთან, Crypto Fear & Greed Index, რომელიც ბაზარზე ინვესტორების განწყობას ზომავს, 18 პუნქტამდე შემცირდა და „უკიდურესი შიშის“ ზონაში აღმოჩნდა.