ევროკავშირისთვის გადაიარაღებისთვის საჭირო ფინანსების მოძიება სერიოზული გამოწვევაა. ერთი მხრივ, საჯარო ფინანსების დეფიციტია, მეორე მხრივ, რუსეთიდან მომდინარე საფრთხე და აშშ-ის იზოლაციონიზმი ხელახლა შეიარაღების აუცილებლობას აჩენს.
უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ კონტინენტის თავდაცვისუნარიანობის გასაზრდელად სხვადასხვა გადაწყვეტილება მიიღეს. მაგალითად, იარაღის ერთობლივი შესყიდვა. თუმცა შეიარაღებაზე წევრი ქვეყნების განსხვავებული საჭიროებები ხშირად თანამშრომლობის ამ ფორმას აფერხებს.
„ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ის, თუ რაზეა საჭირო ფულის ერთობლივად დახარჯვა ისე, რომ ეფექტიანობა რაც შეიძლება ეკონომიურად გავზარდოთ. მაგალითად, ვგულისხმობ ჰიპერბგერით რაკეტებს, საჰაერო თავდაცვის სისტემებს, კიბერტექნოლოგიებს, დრონებს. ეს ის სფეროა, სადაც ერთად მუშაობის შემთხვევაში მეტ სარგებელს მივიღებთ“, – ამბობს გუნტრამ ვულფი, მკვლევარი.
ევროობლიგაციების დახმარებით ევროკავშირს საკუთარი გადაიარაღების დაფინანსება შეუძლია. თუმცა, ზოგიერთ წევრ ქვეყანას ერთობლივი სესხის აღება არ სურს.
„ევროკავშირის ერთობლივი სესხის აღების იდეა იმაში მდგომარეობს, რომ საკმაოდ ბევრ ქვეყანას ეროვნულ ფინანსებთან დაკავშირებით პრობლემები აქვთ და ევროკავშირის კოლექტიური ძალა სწორედ ის იქნება, რომ ერთობლივი სესხი რეალურად ამ სესხს გააიაფებს“, – იან ჯოელ ანდერსენი, ევროკავშირის უსაფრთხოების კვლევის ინსტიტუტის უფროსი ანალიტიკოსი.
ზოგიერთი, მაგალითად, ემანუელ მაკრონი იწონებს ევროპაში დამზადებული პროდუქტების შესყიდვის იდეას, სტრატეგიული ავტონომიურობის იდეით. თუმცა ნაწილს ხარჯების შესამცირებლად შეკვეთების სხვაგან განთავსება ურჩევნია.
„უსაფრთხოების საკითხია ვიფიქროთ იმაზე, თუ რას ვყიდულობთ ევროპაში, რადგან რასაც ევროპაში ვაწარმოებთ, მისი ყიდვა პრიორიტეტულია. სხვაგან დამზადებული სისტემების ყიდვა, ჩვენი პრიორიტეტი არ არის. გვაქვს კონტრაქტები, რომლის პირობების თანახმადაც თუ რამე შეიცვლება ინდო-წყნარ ოკეანეში ან ტაივანში, ევროპა მათთვის პრიორიტეტი არ იქნება. შესაბამისად, ჩვენი უსაფრთხოება უნდა გავაძლიეროთ. არავინ ამბობს, რომ მხოლოდ ევროპული უნდა ვიყიდოთ, თუმცა ნამდვილად უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ რა არის ევროპის წილი ჩვენს შესყიდვებში”, – ამბობს ფილიპ პერჩოკი, სამხედრო-სტრატეგიული კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი.
ამ თემების განხილვისას, ევროკავშირის როლი მაინც შეზღუდულია, რადგან თავდაცვა სახელმწიფოების ექსკლუზიური ეროვნული კომპეტენციაა.
წყარო: euronewsgeorgia