საოკუპაციო ძალების ხერსონში შესვლის შემდეგ რუსი სამხედროების სამიზნე მალევე გახდნენ უკრაინელი ბავშვები.

ვლად რუდენკო მაშინ 16 წლის იყო. შეიარაღებულმა რუსმა ჯარისკაცებმა მისი სახლის კარზე დააკაკუნეს.

ევრონიუსთან საუბარში რუდენკო ამბობს, რომ მარტო იყო და არჩევანი არ ჰქონდა. ჯარისკაცებმა დედასთან დარეკვის უფლება არ მისცეს. უთხრეს, რომ ნივთების ჩასალაგებლად რამდენიმე წუთი ჰქონდა და ყირიმში გადაიყვანდნენ.

„მითხრეს ნივთები ჩამელაგებინა. თქვეს, რომ საზაფხულო ბანაკში უნდა გადავეყვანე, ასე ეძახდნენ. უცებ ავიღე რაღაცები და წამიყვანეს. მხოლოდ ერთი თვის შემდეგ მომცეს უფლება, დედას ტელეფონით დავლაპარაკებოდი”, – იხსენებს ვლადი.

ვლადი 2022 წლის 7 ოქტომბერს იძულებით გადაასახლეს. ჩასვეს 15 ავტობუსიდან ერთ-ერთში, რომელიც სავსე იყო უკრაინელი ბავშვებით. მალე ანექსირებულ ყირიმში ჩავიდა, საზაფხულო ბანაკში, როგორც რუსები უწოდებდნენ.

ბანაკის წესებს ვლადი არ დაემორჩილა, ამიტომ დასაჯეს და დაემუქრნენ, რომ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გამოკეტავდნენ.

„იქ რუსული დროშა ფრიალებდა. ჩამოვხსენი და მის ნაცვლად ჩემი საცვალი ჩამოვაცვი ტარზე. როდესაც ნახეს, სამარტოო საკანში ჩამკეტეს, თან არაფერი მქონდა, სულ არაფერი. საჭმელსაც იშვიათად მაძლევდნენ. იქ 5 დღე გავატარე, შეიძლება ეს ბევრი არაა, მაგრამ ძალიან ცუდად ვიყავი. ვფიქრობდი, სიცოცხლე თვითმკვლელობით დამესრულებინა”, – უყვება ვლადი ევრონიუსს.

მან 8 თვე გაატარა რუსულ ბანაკში. შემდეგ დედამ შეძლო, რომ ტყვეობიდან დაეხსნა. თავდაპირველად დედამისიც დააკავეს, იზოლატორში გადაიყვანეს, თავზე ჩანთა ჩამოაცვეს და სიცრუის დეტექტორზე დაკითხეს.

ბოლოს, ქალმა როგორღაც შეძლო შვილი დაებრუნებინა.

ვლადი დაბრუნდა სახლში, თუმცა უამრავი უკრაინელი ბავშვი ჯერ ისევ რუსეთის ტყვეობაშია.

„გადაარჩინე უკრაინა” უკვე წლებია ცდილობს, უკრაინიდან გატაცებული ბავშვები სახლში დააბრუნოს.

ორგანიზაციის წარმომადგენელი მიკოლა კულება ამბობს, რომ ბავშვების გატაცება გენოციდზე მიანიშნებს.

„ეს ყველაფერი გენოციდზე მიანიშნებს,  რადგან საუბარია იძულებით გადასახლებაზე, ოჯახების განცალკევებაზე. ეს იდენტობის იძულებითი შეცვლაა, მცდელობა უკრაინელების რუსებად ქცევაზე. გადასახლებული ბავშვები ვერ შეძლებენ უკრაინული იდენტობა შეინარჩუნონ”, – ამბობს კულება.

კულება სხვა ბავშვების თაობაზეც ჰყვება შემზარავ ამბებს. მან Euronews-ს უამბო ისტორია 13 წლის უკრაინელის შესახებ, რომლის დედა გარდაიცვალა და ის რუსულ ოჯახში მიიყვანეს საცხოვრებლად. ამ ოჯახში მამა იყო რუსი ჯარისკაცი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომში დაიჭრა.

„დედას სძულდა ეს ბიჭი და ყოველთვის ეუბნებოდა, რომ სძულდა. წარმოიდგინეთ, ეს ბიჭი ამ პატარა ასაკში ცხოვრობდა ასეთ ოჯახში, დადიოდა რუსულ სკოლაში, სადაც რუს ტინეიჯერებსაც სძულდათ იმიტომ, რომ უკრაინელი იყო“, – ამბობს კულება.

„მასწავლებლები აიძულებდნენ, მუდმივად დაეწერა მადლობის წერილები რუსი სამხედროებისთვის. მიეწერა წერილები მათთვის, ვინც მის ოჯახის წევრებსა და მეგობრებს კლავდა უკრაინაში. საბოლოოდ მოზარდი უკრაინაში დაბრუნდა”, – იხსენებს კულება.

მისივე თქმით, სამხედრო განათლება ამ პროცესის განუყოფელი ნაწილია, რადგან მოსკოვის საბოლოო განზრახვაა, რომ აღმოფხვრას უკრაინული იდენტობის ნიშნები და აღზარდოს რუსული არმიის შემდეგი თაობა, რომლის ნაწილიც უკრაინელებისგან დაკომპლექტდება.

„ბევრი უკრაინელი ბავშვი, რომლებიც 2014 წლის პირველი შემოჭრის შემდეგ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე აღმოჩნდა, უკვე უკრაინის წინააღმდეგ არიან განწყობილნი და ფრონტზე იბრძვიან”, – დასძინა კულებამ.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ახალგაზრდებს აიძულებენ, მიიღონ რუსეთის მოქალაქეობა, დაუყოვნებლივ გზავნიან ჯარში.

წყარო: ევრონიუს ჯორჯია