უცნაური, ჯერ არნახული ნათება ჩვენი გალაქტიკის ჰალოში, შეიძლება ბნელი მატერიის ყველაზე ძლიერი მანიშნებელი იყოს ამ დროისათვის.
ფერმის გამა-გამოსხივების კოსმოსური ტელესკოპის მიერ 15 წლის განმავლობაში შეგროვებული მონაცემების ანალიზისას გამოჩნდა უჩვეულოდ მაღალენერგიული გამა სხივების ნათება, რომელიც შეუძლებელია, ადვილად მიაკუთვნო რომელიმე უკვე ცნობილ წყაროს.
ტოკიოს უნივერსიტეტის ასტრონომის, ტომონორი ტოტანის განცხადებით, ის შეიძლება იყოს რადიაცია, რომელიც მაშინ წარმოიქმნება, როცა ჰიპოთეტური ბნელი მატერიის ნაწილაკები ერთმანეთს ეჯახებიან და იშლებიან.
ასტრონომები ასეთ ნათებას პირველად არ ეძებენ. თუმცა, პირველი შემთხვევაა, როცა იპოვეს ისეთი, რომელიც ენერგიის ამ კონკრეტულ დონეს გალაქტიკის ჰალოში აღწევს — ირმის ნახტომს გარსშემორტყმულ გაზისა და რადიაციის ბუშტში.
„დავაფიქსირეთ გამა სხივები 20 გიგაელექტრონვოლტის ფოტონური ენერგიით; ისინი ჰალოსებრი სტრუქტურის სახით ვრცელდება ირმის ნახტომის გალაქტიკის ცენტრისკენ. გამა სხივების ემისიის კომპონენტი მჭიდროდ ემთხვევა ბნელი მატერიის ჰალოსგან მოსალოდნელ ფორმას“, — განმარტავს ტოტანი.
ბნელი მატერია სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი საიდუმლოა. გამოიხატება „ჭარბი“ გრავიტაციის სახით, რომელიც ვერ მიეწერება მატერიის იმ რაოდენობას, რასაც ჩვენ ვხედავთ.
მეცნიერებმა დაიანგარიშეს, რომ ნორმალური მატერია სამყაროში არსებული მატერიის მხოლოდ დაახლოებით 16 პროცენტს შეადგენს, დანარჩენი 84 პროცენტი კი არის ბნელი მატერია, რომლის იდენტობაც უცნობია.
ბნელი მატერიის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია ნაწილაკთა ჰიპოთეტური კლასი, რომელსაც სუსტად ურთიერთქმედ მასიურ ნაწილაკებს (WIMP) უწოდებენ. ამჟამინდელი თეორიის თანახმად, როდესაც WIMP-ები და მათი ანტინაწილაკები ეჯახება, ერთმანეთს სპობენ და ამ პროცესში წარმოიქმნება სხვადასხვა ნაწილაკთა „წვიმა“, მათ შორის, გამა-სხივების ფოტონები, რომლებიც შეგვიძლია, რომ დავინახოთ.
ამას მივყავართ ახლახან დაფიქსირებულ ნათებასთან. თუკი შეგვიძლია დავაფიქსიროთ გამა-სხივების ნათება რაიმე აშკარად იდენტიფიცირებადი წყაროს გარეშე, შესაძლებელია, რომ ნათება წარმოქმნილი იყოს ბნელი მატერიის განადგურების შედეგად.
ამ ეფექტის საძებნელად მეცნიერებს კვლევები ჩატარებული აქვთ, მაგრამ შედეგები დაუზუსტებელი იყო.
ინტერესის ერთი განსაკუთრებული რეგიონია გალაქტიკური ცენტრი, სადაც მიჩნეულია, რომ ბნელი მატერიის სიმკვრივე განსაკუთრებით მაღალი უნდა იყოს და მისი სიგნალიც შესაბამისად ძლიერი. მართლაც, ჭარბი გამა-სხივების ნიშნები იქ დაფიქსირებულია.
მისგან განსხვავებით, გალაქტიკური ჰალო შედარებით შეუსწავლელი რეგიონია ბნელი მატერიის განადგურების სიგნალის ძებნაში. ნებისმიერი ასეთი სიგნალი გაცილებით სუსტი იქნებოდა, ვიდრე გალაქტიკის ცენტრიდან წამოსული, რაც მის დაფიქსირებას გაართულებდა.
თუმცა, ჰალოში ბევრი არ არის გამა-გამოსხივების წყაროები, როგორიცაა მილიწამური პულსარები, რომლებიც, მიჩნეულია, რომ გალაქტიკის ცენტრშია მიმოფანტული და ამის გამო, ნებისმიერი პოტენციური სიგნალი მკაფიოა.