ივნისში, შვეიცარიის მთიან სოფელ ბრიენცში, კლდეების მასიური ჩამოშლის გამო მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. 

გეოლოგებმა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ხელისუფლება წინასწარ გააფრთხილეს. მართალია კლდის ჩამონაშალი სოფლამდე გაჩერდა და საცხოვრებელი უბნები არ დაუზიანებია, მაგრამ რისკების თავიდან ასარიდებლად, ადგილიდან სოფლის მთელი მოსახლეობა იქნა გაყვანილი.

წინასწარი შეფასებით დადგინდა, რომ კლდეების ჩამონაშალი მასის სიმაღლე 12 მეტრს აღწევდა და პროცესი შესაძლოა კვლავ გაგრძელებულიყო.

ევაკუაციის შემდეგ ადგილზე ვერტმფრენი გადაფრინდა, რათა შეეფასებინა, იყო თუ არა სოფელი ნამდვილად ხელუხლებელი. სოფლის მცხოვრებლები მოუთმენლად ელოდებოდნენ ინფორმაციას, ზიანი მიადგა თუ არა მათ სახლებს და განსაკუთრებით, მე-16 საუკუნის წმინდა კალიქსტუსის სახელობის ეკლესიას. 

ტერიტორია ყველაზე მაღალი დონის საშიშ ზონად გამოცხადდა, რის გამოც დაიკეტა ორი გზა და მატარებლის ხაზი.  სპეციალისტებმა ასევე შეაფასეს რისკები ველორბოლისთვის, რომელიც მიმდებარე გზაზე უნდა გამართულიყო და საფრთხის თავიდან ასაცილებლად რბოლის მარშრუტის შეცვლა გახდა საჭირო. 

ექსპერტები ბრიენცის მთაზე მიმდინარე პროცესებს საუკუნეების განმავლობაში აკვირდებოდნენ, თუმცა ბოლო 20 წელში განვითარებულ ბუნებრივ მოვლენებს, ისინი საფრთხისშემცველად მიიჩნევდნენ.

ექსპერტების თქმით, ბრიენცის მთაზე მომხდარი კლდის მასის ჩამოშლა ბუნებრივი ეროზიის შედეგი იყო.