ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყება დაადასტურა.
ვიდეო მიმართვაში სახელმწიფოს მეთაურმა მთავარ მიზნებად თეირანის სარაკეტო არსენალის, ასევე სამხედრო ძალებისა და საზღვაო ფლოტის სრული განადგურება და ბირთვული პროგრამის აღდგენის მცდელობის აღკვეთა დაასახელა.
პრეზიდენტმა პირდაპირ გაუსვა ხაზი 1979 წლის აშშ-ირანის დიპლომატიურ კრიზისს, როდესაც რევოლუციიდან რამდენიმე დღეში ირანმა 66 ამერიკელი 444 დღის განმავლობაში მძევლად აიყვანა და მათი გათავისუფლების მოთხოვნად ამერიკის მხრიდან ირანისთვის “თავის დანებება” დაასახელა.
ტრამპმა გამოსვლაში ისლამურ რევოლუციურ გუშაგთა კორპუსს (IRGC) იარაღის დაუყოვნებლივ დაყრისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ გარდაუვალი ფიზიკური განადგურებით დაემუქრა.
სამხედრო იერიშების პარალელურად, დონალდ ტრამპმა უშუალოდ ირანელ ხალხს მიმართა და მოუწოდა, დაბომბვების დასრულებისთანავე სრული ძალაუფლება და მთავრობის მართვის სადავეები საკუთარ ხელში აიღონ. პრეზიდენტის თქმით, ეს ისტორიული შანსი მოქალაქეებისთვის წლების განმავლობაში მოთხოვნილი თავისუფლების მოპოვების ერთადერთი და უნიკალური შესაძლებლობაა.
"როცა ჩვენ დავასრულებთ, მმართველობა ხელში თქვენ უნდა აიღოთ. ასეთი მეორე შანსი თაობების განმავლობაში აღარ გექნებათ”,- აცხადებს ტრამპი.