ცოტა ხნის წინ, ისრაელმა და აშშ-მა ოპერაცია დაიწყეს, რომლის მიზანი ირანის ტერორისტული რეჟიმის მიერ შექმნილი ეგზისტენციალური საფრთხის აღმოფხვრაა, - ამის შესახებ განცხადებას ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ავრცელებს.
„47 წლის განმავლობაში აიათოლას რეჟიმი გაჰყვიროდა „სიკვდილი ისრაელს“ და „სიკვდილი ამერიკას“. მან ჩვენი სისხლი დაღვარა, მრავალი ამერიკელი მოკლა და საკუთარი ხალხი დახოცა. არ შეიძლება ამ მკვლელ ტერორისტულ რეჟიმს ბირთვული იარაღი ჰქონდეს, რათა კაცობრიობას დაემუქროს“, - აცხადებს ნეთანიაჰუ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მადლობა გადაუხადა.
„ჩვენი ერთობლივი მოქმედება შექმნის პირობებს იმისთვის, რომ მამაცმა ირანელმა ხალხმა საკუთარი ბედი საკუთარ ხელში აიღოს “, - აღნიშნავს ბენიამინ ნეთანიაჰუ.
ნეთანიაჰუს ცნობით, ირანის წინააღმდეგ ისრაელის ოპერაციას „ლომის ღრიალი“ ეწოდება. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოპერაციას ირანის წინააღმდეგ ეწოდა კოდური სახელი - „იუდას ფარი“ (Shield of Judah).