ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩმა განაცხადა, რომ რაც უფრო მეტად ეცდება რუსეთი ნატო-ს პროვოცირებას, მით უფრო მაღალია სერიოზული კონფლიქტის რისკი. მისი თქმით, რუსული დრონების შეჭრა პოლონეთში და ესტონეთის საჰაერო სივრცის რუსული გამანადგურებლების მიერ დარღვევა ჰიბრიდული ომის გამოვლენის ახალი ფორმაა.

რინკევიჩმა ხაზი გაუსვა, რომ ამგვარი პროვოკაციებით რუსეთს სურს ნატო-ს პოლიტიკური და სამხედრო რეაქციის შემოწმება. მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთის პროვოკაციები ბალტიის რეგიონში ადასტურებს ნატო-ს გაძლიერებისა და ევროპული სანქციების არჩეული კურსის სისწორეს.

„არავის სურს კიდევ ერთი ომის პროვოცირება, მაგრამ რუსეთის ქმედებებიც უპასუხოდ ვერ დარჩება. რაც უფრო მეტად პროვოცირებს რუსეთი ნატო-ს, მით უფრო იზრდება სერიოზული კონფლიქტის რისკი. ახლა რუსეთი ზუსტად იმდენს აკეთებს, ისე ჩანდეს, რომ ძალიან შორს არ მიდის. მაგრამ რუსეთში აზროვნების ლოგიკისა და სხვადასხვა დონეზე ხშირი არაკომპეტენტურობის გათვალისწინებით, ეს შეიძლება მოხდეს და პასუხისმგებლობა კრემლს დაეკისრება“, – განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა.

ედგარს რინკევიჩმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი მხოლოდ მაშინ გაჩერდება, როდესაც წინააღმდეგობას შეხვდება და სწორედ ამის ახსნას ცდილობენ მოკავშირეებისთის. მისივე თქმით, ახლა სწორედ სიმტკიცის გამოცდის დროა.

„უსაფრთხოება მუდმივად განვითარებადი პროცესია, სავსე ყოველდღიური გამოწვევებით, მაგრამ სწორედ ეს პასუხისმგებლობა და ამოცანაა, რომლის წინაშეც ჩვენი თაობა დგას, რომელსაც თავი უნდა გავართვათ. დარწმუნებული ვარ, ყველანი ერთად – აქ, ლატვიაში და დასავლურ სამყაროში – ამას გავართმევთ თავს“, – დაწერა რინკევიჩმა.