რატომ გრძნობს იტალიის ეკონომიკა თავს კარგად, რთული გლობალური პირობების მიუხედავად - ამის შესახებ საუბარია ლონდონის უნივერსიტეტის, დედოფალ მერის სახელობის გლობალური პოლიტიკის ინსტიტუტის, საერთაშორისო ეკონომიკის პროფესორის პაოლა სუბაჩის სტატიაში სათაურით „ჭეშმარიტების მომენტი იტალიური ეკონომიკისთვის“.

2022 წლის ბოლო კვარტალში შენელების შემდეგ, იტალიის მშპ-ს ზრდა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში დაჩქარდა და წლიურად 1,9%-ს მიაღწია. თუმცა, მაშინაც კი, თუ ზრდა ოდნავ დაჩქარდება, მაინც ნაკლებად სავარაუდოა, რომ განმეორდეს გასული წლის საერთო მაჩვენებლები, როდესაც ეკონომიკა 3.7%-ით გაიზარდა, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდის მაჩვენებელია ბოლო 40 წლის განმავლობაში.

შარშანდელი მნიშვნელოვანი ზრდა კერძო მოხმარებასა და საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე მდგრადი შიდა მოთხოვნის შედეგი იყო, ამ სექტორებმა ისარგებლეს პანდემიამდელი საგადასახადო შეღავათებით, რათა იტალიის მოძველებული საცხოვრებელი ფონდი უფრო ენერგოეფექტური გაეხადათ.

ამავდროულად, ფისკალური ზომები დაეხმარა შინამეურნეობებსა და ბიზნესს, შეენარჩუნებინათ მსყიდველობითი ძალა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის სურსათსა და ენერგომატარებლებზე ფასების ზრდის მიუხედავად.

ექსპანსიონისტურმა  ფისკალურმა პოლიტიკამ ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ს 8%-მდე  გაზარდა, მიუხედავად იმისა, რომ ძლიერმა ზრდამ სახელმწიფო ვალის  მშპ-სთან თანაფარდობის 144%-მდე შემცირება  გამოიწვია, რაც 11 პუნქტით დაბალია 2020 წლის პიკზე. ახლა, როდესაც ბევრი ფისკალური ღონისძიება ეტაპობრივად გაუქმდა, პროგნოზირებული დეფიციტი მშპ-ს 4.5%-მდე დაეცა.

პრობლემა ის არის, რომ ზრდის ტემპი წელსაც შენელდება. უფრო უარესიც, ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთების ზრდამ გაზარდა სესხის აღების ღირებულება, ხელი შეუშალა კერძო ინვესტიციებს და გაზარდა ვალის მომსახურების ხარჯები. შედეგად, წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა უნდა იყოს დაახლოებით 1,1-1,2%, ხოლო 2024 წელს კვლავ იქნება შემდგომი შენელება. ეს იქნება საშუალო მაჩვენებელზე დაბრუნება. 1983 წლიდან იტალიის ეკონომიკა წელიწადში საშუალოდ 1,1%-ით იზრდებოდა, ევროკავშირის ეკონომიკის  2,4%-ით და G7-ის ქვეყნების  2,2%-ით ზრდის ფონზე.

ასეთი პერსპექტივა კარგს არაფერს უქადის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონს, რომელმაც გასულ წელს, წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარების დროს, იტალიის ეკონომიკის აღდგენის პირობა დადო.

ეკონომიკური პროგრამის შესასრულებლად მას  ძლიერი ეკონომიკური ზრდა სჭირდება, განსაკუთრებით იმ დაპირების შესასრულებლად, რომელიც მაღალი შემოსავლის მქონე თვითდასაქმებულებზე თანაბარი გადასახადის გავრცელებას გულისხმობს. მაგრამ მან ასევე უნდა მიაღწიოს პირველადი ბიუჯეტის პროფიციტს. საპროცენტო განაკვეთების მატებასთან ერთად იზრდება რისკი იმისა, რომ ინვესტორები დაკარგავენ რწმენას იტალიის შესაძლებლობებში, მოემსახუროს თავისი ვალებს. ამიტომ, მელონმა რაც შეიძლება დაბალ დონეზე უნდა შეინარჩუნოს  ათწლიან იტალიურ და გერმანულ ობლიგაციებს შორის სპრედი (ფასთა სხვაობა), იდეალურია 100-150 საბაზისო ქულის დიაპაზონში. ამჟამად ის დაახლოებით 165 საბაზისო პუნქტს შეადგენს.

უფრო მდგრადი ზრდის მისაღწევად, მელონის მთავრობამ უნდა მოაგვაროს გრძელვადიანი სტრუქტურული პრობლემები, როგორიცაა უთანასწორობა რეგიონულ განვითარებაში, დემოგრაფიული დაბერება, ქალთა დაბალი მონაწილეობა შრომის ბაზარზე, პროდუქტიულობის სავალალო ზრდა, შემოსავლების სტაგნაცია, გადასახადებისგან თავის არიდება და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ახალი რისკები.

იტალიისთვის ეს პრობლემები ახალი არაა. 1994 წელს მისი პირველი საარჩევნო კამპანიის დროს, აწ გარდაცვლილმა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ, ეკონომიკის აღორძინებისა და მილიონი ახალი სამუშაო ადგილის შექმნის დაპირება გასცა, მაგრამ ეს არ მოხდა. გონივრული ეკონომიკური პოლიტიკა არასოდეს ყოფილა ბერლუსკონის სამი მთავრობის სავიზიტო ბარათი.

მელონისთვის საბედნიეროდ, ამ გამოწვევებზე საპასუხოდ, იტალიამ უნდა მიიღოს დამატებითი 191,5 მილიარდი ევრო (205 მილიარდი დოლარი) ევროკავშირის პანდემიის აღდგენის 800 მილიარდევროიანი ფონდიდან.

აღდგენისა და მდგრადობის ეროვნული  გეგმის (NRRP) ფარგლებში, იტალია გამოყოფს სახსრებს მრავალი სტრუქტურული გამოწვევის დასაძლევად, რომელიც დაკავშირებულია პროდუქტიულობის ზრდასთან, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა გაციფრულებას და ინოვაციას, ეკოლოგიურად  სუფთა ენერგიაზე გადასვლასა და სოციალურ ინტეგრაციას.

აღდგენისა და მდგრადობის ეროვნული გეგმას, რა თქმა უნდა, აქვს პოტენციალი იმისთვის, რომ იტალიის ეკონომიკა უფრო მაღალ დონეზე აიყვანოს. რეგიონული, თაობათა და გენდერული შეუსაბამობების შესამცირებლად გეგმის მიხედვით, იტალიის სამხრეთ რეგიონებისთვის 82 მილიარდი ევრო გამოიყოფა,  500 პროექტში ინვესტიციებით, დაწყებული ელექტრო ავტობუსების დანერგვით და დამთავრებული ჩქაროსნული სარკინიგზო ხაზების მშენებლობით. ამ პროექტებიდან დაახლოებით 72 ორიენტირებული იქნება მცირე დასახლებულ პუნქტებზე და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელობის ქვეშ განხორციელდება.

მაგრამ დასრულდება კი ეს პროექტები დროულად და ბიუჯეტის ფარგლებში? იტალიის დამოუკიდებელმა აუდიტის პალატამ ცოტა ხნის წინ გამაფრთხილებელი შეტყობინება გაავრცელა, რომ NRRP უკვე ჩამორჩება შეთანხმებულ გრაფიკს. ფაქტობრივად, NRRP-ის ამბიციებს ძირს ძველი მრავალწლოვანი სტრუქტურული ხარვეზები უთხრის. 2026 წლამდე ყველა თანხა უნდა დაიხარჯოს, მაგრამ ქვეყანას უბრალოდ არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ამდენი ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელოს ასეთ მოკლე დროში. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას ადგილობრივ დონეზე კვალიფიკაციის ნაკლებობისა და წარსულში  საჯარო სექტორში განხორციელებული შემცირებების გამო.

თუ NRRP მიზნები არ შესრულდება, დაგეგმილი თანხები სრულად არ გაიცემა, რაც გამოიწვევს მთლიანი ინვესტიციის შემცირებას. მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისიამ დაამტკიცა იტალიის მეორე ტრანში (21 მილიარდი ევრო) გასული წლის სექტემბერში, მთავრობის მოთხოვნა მესამე ტრანშთან (19 მილიარდი ევრო) დაკავშირებით იანვრის შემდეგ კვლავ განხილვაშია.

ფსონები მაღალია. იტალიას ერთი თაობის პერიოდში მოდერნიზების უნიკალური შესაძლებლობა აქვს. ალბათ წინსვლის საუკეთესო გზაა, შედარებული იქნეს გარკვეული ცალკეული ხარჯები NRRP-ის საერთო მიზნებთან. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი პროექტები, ბუნებრივია, უფრო მეტად რეაგირებენ ადგილობრივ საჭიროებებზე, ისინი შეიძლება არ ემთხვეოდეს პროდუქტიულობის გაზრდის უფრო ფართო მიზანს.

NRRP-ის ოპტიმიზაცია და ევროკავშირისგან მწვანე შუქის მიღება მოითხოვს უფრო მჭიდრო თანამშრომლობას მთავრობასა და ოპოზიციას შორის. იტალიას ჯერ კიდევ აქვს შანსი გარდაქმნას თავისი ეკონომიკა და მიაღწიოს უფრო მდგრად ზრდას. მაგრამ იქნება თუ არა ეს პოლიტიკურად განხორციელებადი, ეს ჯერ კიდევ გასარკვევია.