რუმინეთის ხელისუფლება იძიებს რუსული დივერსიის პოტენციურ შემთხვევას, რომელიც OMV Petrom-ის Petrobrazi-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისთვის განკუთვნილი აზერბაიჯანული ნედლი ნავთობის განზრახ დაბინძურებას ეხება - წერს G4media.ro. მათი ინფორმაციით, ნავთობის ტვირთი, რომელიც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით რუმინეთში გასაგზავნად გადაიტანეს, ქლორის საშიშად მაღალ დონეს შეიცავდა. ანგარიშის თანახმად, დაბინძურებას შეეძლო ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ინფრასტრუქტურის სერიოზული კოროზია გამოეწვია, რასაც ეროვნული საწვავის მიწოდების კრიზისი მოჰყვებოდა.
ენერგეტიკის სამინისტრომ 4 აგვისტოს ნედლი ნავთობის მიწოდების კრიზისული დონის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, გააქტიურდა რუმინეთის სტრატეგიული რეზერვები და ეროვნული საგანგებო მარაგებიდან ათიათასობით ტონა ნავთობი და დიზელი გაუშვეს, რათა მომხმარებლები უწყვეტად მოემარაგებინათ. 1700-კილომეტრიანი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის ოპერატორმა BTC Pipeline Company-მ ასევე დაადასტურა, რომ კოროზიული ნივთიერების მაღალი შემცველობის გამო რამდენიმე ტერმინალის შესანახი ავზი დაზიანდა.
G4media.ro წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დაბინძურება შესაძლოა მილსადენში ქლორის განზრახ შეყვანით მომხდარიყო - ოპერაცია, რომლის განხორციელებაც შედარებით მცირე რაოდენობის ტანკერებით იყო შესაძლებელი, რაც შესაძლოა რუსეთის მიერ ჰიბრიდული ომის ტაქტიკას წარმოადგენდეს.
იგივე პარტიიდან დაბინძურებული ნავთობი ევროპის სხვა ქვეყნებშიც მოხვდა. იტალიურმა ენერგეტიკულმა კომპანია ENI-მ „როიტერს“ დაუდასტურა, რომ მის ერთ-ერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში კომპრომეტირებული ნედლი ნავთობი შევიდა. ჩეხურმა კომპანია „ორლენ იუნიპეტროლმა“, რომელსაც იგივე ნავთობი უნდა მიეღო, პოტენციური ზიანის თავიდან ასაცილებლად ოპერაციები შეაჩერა