დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი Daily Mail-ისთვის დაწერილ სტატიაში წერს, რომ პუტინს უკრაინასთან ომი NATO-ს გამო არ დაუწყია, არამედ ფიქრობდა, რომ სწრაფი ომით საკუთარი პოლიტიკური მდგომარეობის გამოსწორება შეეძლო.
გარდა ამისა, როგორც ჯონსონი აღნიშნავს, "ყველასთვის ნათელია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი არ არის დიქტატორი, არამედ დემოკრატია, რომელიც თავის ქვეყანას აგრესორის წინააღმდეგ მამაცად იცავს".
"პუტინს ომი იმიტომ არ დაუწყია, რომ NATO-ზე ღელავდა - ეს წმინდად კრემლის პროპაგანდაა - არამედ, იმიტომ, რომ დაუნდობელი ოპორტუნისტია, რომელიც ორი ათწლეულია ძალაუფლებაშია და სჯეროდა, რომ შეეძლო, პოლიტიკური იღბალი გამოესწორებინა მოკლე, მწვავე ომით რუსეთის იმპერიის აღსადგენად.
მას ეგონა, რომ უკრაინელები სწრაფად დანებდებოდნენ და დასავლეთი უხერხემლოდ უსიტყვოდ დამორჩილდებოდა, როგორც 2014 წელს ყირიმის ანექსიის დროს გავაკეთეთ.
ის არასწორი აღმოჩნდა და ყველა სკეპტიკოსი უკრაინის შესახებ არასწორი გამოდგა. როგორც გამოჩნდა, ისინი არიან, ჯონ სტიუარტ მილის ფრაზისამებრ, საკუთარი თავისუფლების მოყვარენი, და ყველასთვის ნათელია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი არ არის დიქტატორი, არამედ დემოკრატია, რომელიც თავის ქვეყანას აგრესორის წინააღმდეგ მამაცად იცავს.
ის ჟურნალისტებს არ ხვრეტს, თავის ოპონენტებს არ წამლავს და მათ გულაგებში არ აგზავნის. ამას პუტინი აკეთებს". - წერს ჯონსონი.
19 თებერვალს, ზელენსკის მიერ მინერალების შეთანხმებისთვის ხელის მოწერაზე უარის ფონზე, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის "უარჩევნებო დიქტატორი" უწოდა. მანამდე კი ტრამპმა განაცხადა, რომ ზელენსკის მიმართ მოსახლეობაში მხარდაჭერა 4%-ზეა და უკრაინის პრეზიდენტს ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა, რაც მოსკოვის ერთ-ერთ მოთხოვნასაც წარმოადგენს.
2024 წლის დეკემბრის მონაცემებით, Kyiv International Institute of Sociology-ს კვლევა აჩვენებს, რომ ზელენსკის უკრაინელების 57-52% ენდობა.
წყარო: ტაბულა