„შავი ზღვა, ვიტყოდი, გარკვეულწილად უყურადღებოდ იყო დატოვებული – როგორც ევროპაში, ისე ამერიკაში“, - ამბობს დოქტორი ფრედერიკ სტარი, ევრაზიის საკითხების მკვლევარი. მან აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამოსვლისას შავ ზღვას ვაშინგტონის „სტრატეგიული გადააზრების“ ცენტრალური ელემენტი უწოდა.
სტარის ხედვა - რომ შავი ზღვა ჩუმად, შეუმჩნევლად იქცა მსოფლიო პოლიტიკის ახალ ფრონტად, რეფრენად გასდევს რეგიონის მისეულ ანალიზს, რომელშიც რუსეთი უკვე განწირულია მარცხისთვის. სტარის ხედვით, შავ ზღვას ახალი „ბატონი“ გაუჩნდება - ახალი „შავი ზღვის ორგანიზაცია“, რომელიც უნდა აერთიანებდეს არა მხოლოდ რუმინეთს, ბულგარეთსა და თურქეთს, არამედ მთელ კავკასიასაც, რომლის ბედიც, როგორც სტარი ამბობს, „შავ ზღვაზეა მიბმული, თუ ოდესმე სურთ თავი დააღწიონ რუსეთის მარწუხებს.“ თუმცა საქართველოს, რომლის ხელისუფლებაც, სტარის თქმით, „ჭიპლარით გადაება მოსკოვს“, ილუზიები არ უნდა ჰქონდეს, რომ „პორტი ავაშენეთ = ვაჭრობა მოვას“.
ვხედავთ დაკნინებულ, დაჩიავებულ, ტაქტიკურად „ხელმოკლე“ რუსულ ფლოტს, და ეს იმ ქვეყნის დამსახურებაა, რომელსაც დღეს ფაქტობრივად ფლოტი საერთოდ არ გააჩნია.
რადიო თავისუფლება: როგორც აღმოსავლეთ ევროპის დიდი ნაწილი, შავი ზღვაც თვისობრივად გარდაიქმნა უკრაინის ომით, და ალბათ შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ აღარ დაუბრუნდება იმ სტატუს-კვოს, რომელშიც იყო 2022 წელს ან 2014 წლამდე. როგორია ეს „ახალი შავი ზღვა“ და ვინ ბატონობს მასზე?
ფრედრიკ სტარი: შავი ზღვა, უნდა ითქვას, რომ მეტწილად უგულებელყოფილი იყო ბოლო ათწლეულების განმავლობაში როგორც ევროპის, ისე ამერიკის მიერ. და მაინც, ის არანაკლებ მნიშვნელოვანია ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური თვალსაზრისით, ვიდრე ბალტიის ზღვა. შევხედოთ, რა ხდებოდა ბალტიის ზღვის რეგიონში ბოლო ათწლეულებში: საბჭოთა კავშირის კოლაფსის შემდეგ ის მთლიანად ტრანსფორმირდა და დღეს დასავლეთის ერთ-ერთ მთავარ საზრუნავად იქცა, ვინძლო თავის ტკივილადაც კი - პოტენციური კონფლიქტის ერთ-ერთ ფრონტად – და სავსებით სამართლიანადაც, რადგან ბატონი პუტინი ყოვლად მოურიდებლად ესხმის თავს მთელ ბალტიის რეგიონს, პოლონეთსაც კი. მაგრამ კრემლის ზუსტად იგივე ლოგიკა ვრცელდება სამხრეთითაც, რუმინეთ-ბულგარეთამდე – ბალტიის ქვეყნების მსგავსად, ისინიც ნატოს წევრები არიან და მათაც არანაკლები საფრთხე ემუქრებათ თავზეხელაღებული ზორბა მეზობლისგან. ასე რომ, შავი ზღვა არაფრითაა ნაკლები ბალტიის ზღვაზე, არაფრითაა პერიფერია – ის ისეთივე საკვანძო სივრცეა, როგორც ბალტიის აკვატორია.
ავტორი: ვაჟა თუთბერიძე
წყარო: radiotavisupleba.ge