რუსეთის ნავთობკომპანიების „როსნეფტისა“ და „ლუკოილის“ წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების შედეგად კრემლმა, შეიძლება, ყოველთვიურად 5,5 მილიარდი დოლარის შემოსავალი დაკარგოს, – ამის შესახებ უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში სასანქციო პოლიტიკის საკითხებში უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელმა, ვლადისლავ ვლასიუკმა განაცხადა.

„თავდაპირველად „როსნეფტისა“ და „ლუკოილის“ წინააღმდეგ სანქციების დიდმა ბრიტანეთმა დააწესა ამერიკელებამდე ერთი კვირით ადრე. შემდეგ ამერიკელებმა შეზღუდვები დააწესეს ამ კომპანიებისა და მათი 32 შვილობილი კომპანიის წინააღმდეგ, რადგან ისინი ვერტიკალურად ინტეგრირებულ სტრუქტურებს წარმოადგენენ. ეს არის დარტყმა ინდოეთსა და ჩინეთში რუსული ნავთობის ექსპორტის 60-70%-ზე. თუ სანქციები, სულ მცირე, 80%-ით აღსრულდება, ეს რუსეთის ბიუჯეტისთვის ყოველთვიურად დაახლოებით 5,5 მილიარდი დოლარის დანაკარგი იქნება“, – თქვა ვლასიუკმა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენლის თქმით, იმის მიუხედავად, რომ აშშ-ის სანქციები ძალაში მხოლოდ 20 ნოემბრიდან შევა, მათი ეფექტი უკვე საგრძნობია.

„ნავთობის შესყიდვის კონტრაქტები წინასწარ იდება. გასული კვირიდან მოყოლებული, ჩვენ ვხედავთ ნავთობის მიწოდების სამომავლო კონტრაქტების თითქმის 20%-ით შემცირებას. და უკვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩინეთში მყიდველებმა მკვეთრად დაკარგეს ინტერესი რუსული ნავთობის მიმართ. ასე რომ, ეფექტი უკვე იგრძნობა“, – განმარტა მან.

ვლასიუკის თქმით, რუსეთის ნებისმიერი მცდელობა, შექმნას სანქციების გვერდის ავლის სქემები, არ მუშაობს, რადგან დასავლეთი შეთანხმებულად მოქმედებს.

„ექსპორტი სხვა იურიდიული პირის გავლით გადამისამართება, დიდი ალბათობით, გამოიწვევს ამ კომპანიის სანქცირებასაც. რადგან, თუ „როსნეფტის“ და „ლუკოილის“ წინააღმდეგ სანქციებზე წავიდნენ ამერიკელებიც, ევროპელებიც და ბრიტანელების „შავ სიაში“ სხვა ექსპორტიორის შეტანის საკითხის გადაწყვეტა რთული არ იქნება“, – თქვა მან. როგორც ვლასიუკმა განაცხადა, აღნიშნული შეზღუდვების აბსოლუტურ უგულვებელყოფას ჩინეთიც ვერ შეძლებს.