უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკვე დაიწყო მესამე მსოფლიო ომი და ის უნდა შეაჩერონ.

„მიმაჩნია, რომ პუტინმა ის უკვე დაიწყო. საკითხავი ისაა, რამდენი ტერიტორიის ხელში ჩაგდებას შეძლებს და როგორ უნდა შევაჩეროთ ის. რუსეთს სურს მსოფლიოს თავს მოახვიოს ცხოვრების განსხვავებული წესი და შეცვალოს ის ცხოვრება, რომელიც ხალხმა თავად აირჩია“, - აღნიშნაზელენსკიმ BBC-სთან ინტერვიუში.

კითხვაზე, რა შეიძლება ითქვას რუსეთის მოთხოვნაზე, რომ უკრაინამ გადასცეს დონეცკის აღმოსავლეთ რეგიონის 20%, რომელსაც ის ჯერ კიდევ აკონტროლებს - ქალაქების ხაზი, რომელსაც უკრაინა „ქალაქ ციხესიმაგრეებს“ უწოდებს - ასევე მეტი ტერიტორია ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში, არის თუ არა ეს გონივრული მოთხოვნა და გამოიწვევს თუ არა ცეცხლის შეწყვეტას, უკრაინის პრეზიდენტმა უპასუხა :

„მე ამას სხვაგვარად ვუყურებ. მე ამას უბრალოდ მიწად არ ვუყურებ. მე ამას მიტოვებად აღვიქვამ - ჩვენი პოზიციების შესუსტებად, იქ მცხოვრები ასობით ათასი ჩვენი ადამიანის მიტოვებად. ასე ვხედავ მე ამას. დარწმუნებული ვარ, რომ ეს „გასვლა“ ჩვენს საზოგადოებას გაყოფს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

კითხვაზე, დააკმაყოფილებს თუ არა პუტინს ამ მოთხოვნის შესრულება, ზელენსკიმ უპასუხა:

„ალბათ, გარკვეული დროით დააკმაყოფილებს. მას პაუზა სჭირდება, მაგრამ როგორც კი გაჯანსაღდება, სად წავა შემდეგ? არ ვიცით, მაგრამ ის, რომ მას [ომის] გაგრძელებას მოისურვებს, ფაქტია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, პუტინის შეჩერება და უკრაინის ოკუპაციის თავიდან აცილება მთელი მსოფლიოს გამარჯვებაა, რადგან პუტინი უკრაინაზე არ გაჩერდება.

კითხვაზე, ნიშნავს თუ არა გამარჯვება მთელი ტერიტორიის დაბრუნებას, ზელენსკიმ უპასუხა :

„ჩვენ ამას გავაკეთებთ. აბსოლუტურად ნათელია. ეს მხოლოდ დროის საკითხია. დღეს ამის გაკეთება უზარმაზარი რაოდენობის ადამიანების - მილიონობით ადამიანის - დაკარგვას ნიშნავს, რადგან რუსეთის არმია დიდია და ჩვენ გვესმის ასეთი ნაბიჯების ფასი. არ გეყოლება საკმარისი ხალხი, დაკარგავ მათ და რა არის მიწა ადამიანების გარეშე? გულწრფელად რომ ვთქვათ, არაფერი. ასევე, ჩვენ არ გვაქვს საკმარისი იარაღი. ეს არა მხოლოდ ჩვენზე, არამედ ჩვენს პარტნიორებზეც არის დამოკიდებული. ასე რომ, ამ ეტაპზე ეს შეუძლებელია, მაგრამ 1991 წლის სამართლიან საზღვრებში დაბრუნება, უდავოდ, არა მხოლოდ გამარჯვებაა, არამედ სამართლიანობაც. უკრაინის გამარჯვება ჩვენი დამოუკიდებლობის შენარჩუნებაა, ხოლო მთელი მსოფლიოსთვის სამართლიანობის გამარჯვება ყველა ჩვენი მიწის დაბრუნებაა".

ipn.ge