"ეს სულ სპეკულაციებია, სულ მანიპულაციური ჟონგლიორობა რაოდენობებით, კონკრეტული შემთხვევებით, თან ასეთ სპეკულაციებს ოპოზიციიდან ახორციელებენ იმ პირობებში, როდესაც ყველამ კარგად იცის, რა არის რეალურად მიზეზი, მაინც სპეკულაციურად საზოგადოებას აჯერებენ, რომ თითქოს ეკონომიკური ზრდის მიუხედავად ხალხი უფრო ღარიბდება, ეს აბსოლუტურად არასწორი დასკვნაა, ეს იმთავითვე ყველამ უნდა იცოდეს, - ამბობს ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე TV იმედის სიუჟეტში - სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტირებული ოჯახების გადამოწმებაზე საუბრისას.

ცნობისთვის, სოციალური მომსახურების სააგენტო სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების გადამოწმებას იწყებს. ამის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა. მისი თქმით, ფაქტია, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზა "შესაბამისობაში ვერ მოდიოდა იმ აღიარებულ ეკონომიკურ წარმატებასთან, რომელიც ქვეყანას ჰქონდა ბოლო წლების განმავლობაში". სარჯველაძის მტკიცებით, ამის გამო "იქმნებოდა ნიადაგი რიცხვებით მანიპულირებისა და ყალბი შთაბეჭდილებების შესაქმნელად". მისი შეფასებით, "დროა, წერტილი დაესვას პოლიტიკურ სპეკულაციებს".

მისივე ინფორმაციით, მომდევნო თვეების განმავლობაში გადამოწმდებიან ოჯახები სამინისტროს მიერ განსაზღვრული პროგრამის მიხედვით, |რა დროსაც პრიორიტეტულად შემოწმდებიან ოჯახები, რომელთა შემთხვევაშიც, სხვადასხვა ფაქტორის გამო მაღალია ალბათობა, რომ ისინი არ აკმაყოფილებენ პირობებს, რომლის გამოც და რომლის შემთხვევაშიც ეკუთვნით შემწეობა". მაგალითისთვის, სარჯველაძის თქმით, ერთერთ საფუძვლად განისაზღვრება უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში 2 000-ლარიანი შემოსავლის მიღება ყოველთვიურად.

მისივე ინფორმაციით, დღეისთვის სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული და ფინანსური შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა აღემატება 185 000-ს, ხოლო ასეთი ოჯახების წევრთა რაოდენობა - 710 000-ია. ბაზაში სულ რეგისტრირებულია 410 000-მდე ოჯახი, ჯამში დაახლოებით, 1 300 000 პირი.

"ნახევარზე მეტი შემწეობას არ იღებს, თუმცა, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი სარგებლობს კანობმდებლობით გათვალისწინებული სხვადასხვა ტიპის შეღავათით.

სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზა არაერთხელ გამხდარა არაკეთილსინდისიერი პოლიტიკური სპეკულაციების საგანი. 2012 წლის შემდეგ, მეტი ადამიანის მხარდაჭერის მიზნით, ორჯერ გაიზარდა იმ ქულის მაჩვენებელი, რომელიც შემწეობის მიღებას განსაზღვრავს. ქულა რომ არ გაზრდილიყო ანუ შედარებით შეძლებულებისთვისაც რომ არ დაენიშნა სახელმწიფოს შემწეობა, დღეისთვის შემწეობის მიმღებთა ოდენობა იქნებოდა მაქსიმუმ 120 000, ნაცვლად 185 000 ოჯახისა" - თქვა სარჯველაძემ და აღნიშნა, რომ კოვიდ-პანდემიის შემდეგ არსებული მორატორიუმით "გარდა უიშვიათესი გამონაკლისებისა, პრაქტიკულად არ ხორციელდებოდა ოჯახების გადამოწმება".

სარჯველაძის მტკიცებით, ამის გამო, ბაზაში დღემდე ფიქსირებიან ოჯახები და ადამიანები, რომლებსაც საბედნიეროდ, აღარ აქვთ სახელმწიფოს მხრიდან სოციალური დახმარების აუცილებლობა. ამავე მიზეზთა გამო არის სრულიად ანიონალიური შემთხვევები, რომელთა რიცხვიც არ არის სამწუხაროდ ცოტა.

სარჯველაძეს მაგალითიც მოჰყავს: შემწეობას იღებს ოჯახი, რომელსაც ბოლო სამ თვეში მიღებული აქვს შემოსავალი ჯამში რამდენიმე ათეული ათასი ლარი. ან არის რეგისტრირებული ოჯახი, რომელსაც ერთი წლის მანძილზე შეძენილი აქვს რამდენიმე ათეულ ათას ლარად ღირებული რამდენიმე ავტომანქანა ან ოჯახი, რომელსაც 2024 წელს შეძენილი აქვს იმავე წელს, 2024 წელს გამოშვებული ავტომანქანა, ან ოჯახი, რომელსაც აღებული აქვს რამდენიმე ასეულათასლარიანი საბანკო სესხი...

ცოტა უფრო ადრე პრემიერ-მინისტრემა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა, რომ "სოციალური შემწეობის მიმღებთა ბაზა საჭიროებს გადახედვას". მისი მტკიცებით, პირველადი ანალიზით, "შემწეობის მიმღებთა 8% არის შეძლებული, ანუ არათუ სიღარიბეზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს, შეძლებულია".