Wall Street Journal ევროპელ და უკრაინელ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან შეხვედრისას უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის წინადადება წარადგინა, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონების სანაცვლოდ საომარი მოქმედებების შეჩერებას ითვალისწინებს.

გამოცემა წერს, რომ ევროპელი ოფიციალური პირების ცნობით, რომლებსაც აღნიშნული ინფორმაცია თავად უიტკოფისგან, სატელეფონო საუბრით მიიღეს, პუტინმა უიტკოფს უთხრა, რომ რუსეთი სრულ ცეცხლის შეწყვეტას იმ შემთხვევაში დათანხმდებოდა, თუ კიევი თავის ძალებს დონეცკის ოლქიდან გაიყვანდა, რითაც მოსკოვს დონეცკის, ლუგანსკისა და ყირიმის ოლქებზე სრულ კონტროლს მისცემდა.

გამოცემის თანახმად ინფორმირებული ევროპელი ოფიციალური პირები სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამენ და შიშობენ, რომ პუტინი მოლაპარაკებებს მხოლოდ დროის გასაყვანად და აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ შემოთავაზებული მეორადი სანქციების თავიდან ასაცილებლად იყენებს.

WSJ აღნიშნავს, რომ ევროპელი ოფიციალური პირები მიუთითებენ გაურკვევლობაზე იმ ტერიტორიებთან დაკავშირებით, რომლებიც ნაწილობრივ ოკუპირებულია რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში - არსებობს ურთიერთგამომრიცხავი წარმოდგენები იმაზე, გაიყინება თუ არა ფრონტის ხაზი დღევანდელ პოზიციებზე, თუ მოხდება რუსული ძალების გაყვანა ამ რეგიონიდან.

გამოცემის ცნობით, პუტინის წინადადება ორ ფაზას მოიცავს. პირველი ფაზა დონეცკიდან უკრაინის ძალების გაყვანას გულისხმობს, რაც ფრონტის ხაზის გაყინვას გამოიწვევდა. მეორე ფაზა კი მოიცავს ტრამპისა და პუტინის შეთანხმებას საბოლოო სამშვიდობო გეგმაზე, რომელიც მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეთანხმდება.

ამჟამად უკრაინა ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ჩრდილოეთ ნაწილებსა და დონეცკის ოლქის ნაწილს აკონტროლებს.

მანამდე Bloomberg-მა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს და პრეზიდენტ ზელენსკის უთხრა, რომ პუტინი მზად არის დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები ტერიტორიების გაცვლის საკითხის განხილვის სანაცვლოდ.

9 აგვისტოს ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ პარასკევს, 15 აგვისტოს, აშშ-ს ალასკის შტატში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვდება.