პუტინი დამატებით დროს არ იმსახურებს, - ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა, რიჩარდ ბლუმენტალმა განაცხადა.

„ჩვენ სანქციების კანონპროექტზე კენჭისყრა უნდა დავაჩქაროთ. ყველაფერი, რასაც პრეზიდენტი აკეთებს, ეს სწორი მიმართულებაა, მაგრამ მე მხარს ვუჭერ იმას, რომ სანქციები 500%-იანი იყოს და არა 100%-იანი“, - განაცხადა რიჩარდ ბლუმენტალმა.

მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს, 100-დან 85 სენატორი უჭერს მხარს და საჭიროების შემთხვევაში 90 ხმის მოპოვებაც შესაძლებელია.

„ვფიქრობ, რომ კენჭისყრა აუცილებელია. ახლა მოქმედების დროა და არა მხოლოდ პრეზიდენტის აღმასრულებელი ბრძანების, არამედ საკანონმდებლო ინიციატივის, რათა პრეზიდენტსა და კონგრესს შორის ერთიანობა და უკრაინის მიმართ ერთგულება ვაჩვენოთ“, - აღნიშნა ამერიკელმა სენატორმა.

ცნობისთვის, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტის ავტორები სენატორები ლინდსი გრემი (რესპუბლიკური პარტია) და რიჩარდ ბლუმენტალი (დემოკრატიული პარტია) არიან. კანონპროექტი იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, 500%-იანი ტარიფების დაწესებას ითვალისწინებს.

ipn.ge