ამერიკელ ანალიტიკოსებს არ სჯერათ, რომ ვაგნერის ხელმძღვანელი წარმატებას მიაღწევს. რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა - ევგენი პრიგოჟინმა, რომელსაც დიქტატორ ვლადიმერ პუტინის „მზარეულს“ უწოდებენ, შეიარაღებული აჯანყება რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ხელმძღვანელობის შესაცვლელად გადაწყვიტა, - ამის შესახებ ამერიკის ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსების ახალ მოხსენებაშია ნათქვამი.
ISW-ში პრიგოჟინის ამბოხის წარმატების არ სჯერათ.
„...როგორც ჩანს, პრიგოჟინმა შეიარაღებული ამბოხი 23 ივნისს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ხელმძღვანელობის ცვლილების მიზნით დაიწყო, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის წარმატებას მიაღწევს”, - აცხადებენ ISW-ს ანალიტიკოსები ახალ მოხსენებაში.
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ პრიგოჟინის წინააღმდეგ საქმე შეიარაღებული აჯანყების მოწყობის მუხლით აღძრა. ასეთი დანაშაულისთვის, რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის მიხედვით, „ვაგნერის“ ხელმძღვანელს 12-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.