პორტუგალიაში არანორმალურად მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება. სიცხის გამო ქვეყანა ტყის მასშტაბურმა ხანძრებმა მოიცვა. სტიქიის ზონიდან, სიფრთხილის მიზნით, 1400-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

Euractiv-ის ცნობით, ქვეყნის სამხრეთით ცეცხლმა ათასობით ჰექტარი მიწა დაწვა. 

ტყის ხანძარი, რომელსაც ამჟამად 800-ზე მეტი მაშველი ებრძვის, შაბათს ოდემირას მუნიციპალიტეტში დაიწყო და  სამხრეთით, ალგარვისკენ გავრცელდა, რომელიც პორტუგალიის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული მიმართულებაა.

მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი ცეცხლთან ბრძოლას ართულებს, რომელმაც უკვე გაანადგურა დაახლოებით 6700 ჰექტარი მიწა.

ევაკუაცია სულ 19 სოფლიდან, ოთხი ტურისტული ადგილიდან და ბანაკიდან განხორციელდა. ხელისუფლება აცხადებს, რომ რამდენიმე გზა ჩაკეტილია.