აპრილში ესპანეთსა და პორტუგალიაში მომხდარი ტექნიკური შეფერხებისა და 10-საათიანი უშუქობის შემდეგ, პორტუგალიის მთავრობა გეგმავს, რომ ელექტროქსელის მენეჯმენტის გაუმჯობესებისთვის 400 მილიონი ევროს ინვესტიცია გაიღოს.

როგორც ენერგეტიკის მინისტრმა, მარია და გრაცა კარვალომ განაცხადა, 137 მილიონი ევრო მოხმარდება ელექტროქსელის საოპერაციო და საკონტროლო სიმძლავრეების გაზრდას, რაც დაეხმარებათ ისეთი კომპლექსური და პერიოდული ენერგიის წყაროების მართვაში, როგორებიც ქარისა და მზის ენერგია.

რაც შეეხება აპრილის შეფერხებას, ესპანეთის მთავრობის ინფორმაციით, ქსელის ოპერატორმა Redeia-მ 28 აპრილს არასწორად დათვალა ენერგიის სინთეზი სისტემაში. გარდა ამისა, პრობლემის მიზეზად ასევე დასახელდა ნახშირის, გაზისა და ატომური ენერგიის თბოელექტროსადგურები, რომლებმაც ძაბვის საჭირო დონის შენარჩუნება ვერ შეძლეს. ძაბვის მატებამ კი ქსელის გათიშვის სრული კასკადი გამოიწვია და პორტუგალიაშიც გავრცელდა, რომელიც ელექტროენერგიას იმპორტის სახით იღებდა.

სწორედ ამიტომ, პორტუგალიური ქსელის ოპერატორი სპეციალურ შუნტირების მოწყობილობებს დაამონტაჟებს, რომელიც ზუსტად გაზომავს ელექტრულ დენს და გადაჭარბების პრევენციას უზრუნველყოფს. კომპანია ასევე შეისყიდის ძაბვის რეგულირებისა და სისტემის სტაბილურობისთვის საჭირო აღჭურვილობას. ამასთან, იგეგმება ენერგიის შემნახავი ბატარეების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაც, რაც ქვეყნის ენერგოსექტორს გაზრდილ ავტონომიას მიანიჭებს კრიტიკული ინფრასტრუქტურის, მათ შორის საავადმყოფოების, სახანძრო დეპარტამენტებისა და სხვა ადმინისტრაციული სერვისების კრიზისის დროს მომარაგებისთვის. ამჟამად პორტუგალიას 13 მეგავატის მოცულობის ენერგიის შენახვისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა აქვს, რის გაზრდასაც მთავრობა 750 მეგავატამდე აპირებს.

bm.ge