პოლონეთი ევროკომისიას უკრაინიდან გაყინული მარწყვისა და ჟოლოს იმპორტის აკრძალვის მოთხოვნით მიმართავს. ამის შესახებ პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა რობერტ ტელუსმა პოლონეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, სლოვაკეთისა და უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრებთან ვიდეოშეხვედრისას განაცხადა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკრაინიდან რბილი ხილის იმპორტის პრევენციულ ღონისძიებებს.

„2022 წელს და 2023 წლის პირველ თვეებში უკრაინული მარწყვისა და გაყინული ჟოლოს იმპორტი პოლონეთში საგრძნობლად გაიზარდა. ეს პოლონელი მწარმოებლებისთვის დიდ სირთულეებს და ბაზრის ძალიან სერიოზულ შეფერხებებს ნიშნავს“, - განაცხადა ტელუსმა.

მისი თქმით, დიალოგი ხუთ ქვეყანას შორის, რომლებიც ბაზრის შეფერხებით ყველაზე მეტად დაზარალდნენ,  „პოლონეთის აბსოლუტური პრიორიტეტია“.