პოლონეთს სურს, მსოფლიოს ოცი უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ჯგუფის, ე. წ „დიდი ოცეულის“ (G-20) წევრი გახდეს. ვარშავა ამას იმით ხსნის, რომ ქვეყანა ახლა იმ ორ ათეულ ქვეყანას შორისაა, რომელთა მთლიანმა შიდა პროდუქტმა (მშპ) ერთ ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. გარდა ამისა, პოლონეთს, ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა აქვს. თუმცა, ამ ქვეყნის ეკონომიკა, ამავე დროს, არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. ამიტომ, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ „დიდ ოცეულში“ მიწვევის იმედი ოფიციალური ვარშავა უახლოეს მომავალში არ უნდა ჰქონდეს.

არც ისე დიდი ხნის წინ, ვარშავაში აშენდა მთელ ევროკავშირში ყველაზე მაღალი შენობა, „ვარსოს კოშკი“, რომელიც ახალი, თანამედროვე პოლონეთის სიმბოლოდ უნდა იქცეს. მის მახლობლად მდებარეობს საბჭოთა კავშირისგან ნაბოძები საჩუქარი - კულტურისა და მეცნიერების სასახლე, რომელიც კომუნისტური წარსულის ერთგვარი შეხსენებაა და, ბოლო პერიოდამდე, ქვეყანაში ყველაზე მაღალი შენობა იყო.

წარსულიდან თანამედროვეობაზე გადასვლა არა მხოლოდ ვარშავის ცენტრშია თვალშისაცემი, არამედ, ადგილობრივი ლიდერების თქმით, ის პოლონეთის ეკონომიკაშიც ვლინდება. „ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც წარმატებული ტრანსფორმაცია განიცადა და გეგმური ეკონომიკიდან თავისუფალ ბაზარზე გადავიდა. ჩვენ ვართ მაგალითი, რომელიც სხვებსაც შეუძლიათ გაითვალისწინონ,“ – აცხადებს პოლონეთის ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი.

პოლონეთს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა აქვს. მისმა ნომინალურმა მშპ-მ სექტემბერში ტრილიონდოლარიან ნიშნულსაც კი გადააჭარბა. როგორც პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა შეგვახსენა, პოლონეთი ახლა „ტრილიონერების კლუბს“ მიეკუთვნება, რომელშიც 195 ქვეყნიდან მხოლოდ 20 შედის. „და ეს ჩვენი ბოლო სიტყვა არ არის“, - დასძინა პრემიერმა.

პოლონეთი G20-ის მუდმივი წევრი ასე მარტივად ვერ გახდება

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პოლონეთს უკვე დაჰპირდა „დიდი ოცეულის“ მომდევნო სამიტზე დასწრებას, მაგრამ მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით. თუმცა, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ჯგუფის მუდმივ წევრებთან ვარშავის მიერთების შანსები ჯერ მაინც მინიმალურია.

„G20 არის სტრუქტურა, სადაც მთავარ როლს მხოლოდ მთლიანი შიდა პროდუქტის დონე არ თამაშობს. არიან ქვეყნები, რომლებსაც პოლონეთზე დაბალი მშპ აქვთ, მაგრამ განვითარებად სამყაროს წარმოადგენენ, მაგალითად, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა“, - ამბობს ეკონომისტი და პრეზიდენტ ალექსანდრე კვასნევსკის ყოფილი მრჩეველი, ვიტოლდ ორლოვსკი.

ევროკავშირის ფონდების სათანადო გამოყენებამ, სტაბილურმა მაკროეკონომიკურმა პოლიტიკამ და პოლონელების მზაობამ, აწარმოონ საკუთარი ბიზნესი, ხელი შეუწყო ეკონომიკურ ზრდას. მიუხედავად ამისა, ზოგიერთ ეკონომისტს მიაჩნია, რომ ქვეყნის ეკონომიკას ხარვეზები აქვს.

„ჩვენი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი (გერმანია - რედ.) რეცესიაშია, მეორე მხარეს კი ომია გაჩაღებული, რის გამოც უზარმაზარი თავდაცვითი ხარჯები გვაქვს. ეს, რა თქმა უნდა, იდეალური სიტუაცია არ არის“, - აღნიშნა ორლოვსკიმ. ვინაიდან ქვეყანას, ეკონომიკის განვითარებისთვის, მეტი შრომითი რესურსი სჭირდება, პოლონეთს მომავალში დემოგრაფიულ კრიზისთან გამკლავებაც მოუწევს.