ევროკომისიაში მიგრაციულ კრიზისებთან ბრძოლის ახალ ზომებზე მუშაობენ. ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ერთ-ერთი ინიციატივა გამონაკლის შემთხვევაში მიგრანტებისთვის თავშესაფრის მინიჭების წესების დროებით შეჩერებას ითვალისწინებს.

„პოლიტიკოს“ მიხედვით, ევროკომისია მიგრაციულ კრიზისებზე რეაგირებისთვის ზომების პაკეტზე მუშაობს. ეს საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ივლისის ბოლოს მაროკოდან ესპანეთის ქალაქ სეუტაში ათიათასობით მიგრანტი ჩავიდა.

გამოცემის ცნობით, მიგრაციული ნაკადების კონტროლის საკითხი ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის ევროპარლამენტში გამოსვლის მთავარი თემაც იქნება.

ცნობისთვის, ივლისის ბოლოს ათიათასობით მიგრანტი მაროკოდან სეუტაში ზღვით ჩავიდა. კრიზისის ფონზე მადრიდმა ქალაქში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით სამხედროების ჩართვა გადაწყვიტა. ხელისუფლების შეფასებით, ქალაქში ჩასული მიგრანტების რაოდენობა 80 ათასს შეადგენდა, თუმცა აღნიშნული მიგრანტების აბსოლუტური უმრავლესობა უკვე რამდენიმე დღეში დააბრუნეს მაროკოში.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის განცხადებით, სეუტაში ხუთი ათასამდე მიგრანტი რჩება, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება მიიჩნევს, რომ მათი რაოდენობა გაცილებით მეტია.

პირველი არხი