ჩეხები არჩევნებზე მიდიან. პროგნოზების თანახმად, პირველ ადგილს მილიარდერი ექს-პრემიერი დაიკავებს

პარასკევსა და შაბათს, ჩეხები მონაწილეობას მიიღებენ საყოველთაო არჩევნებში, რომელშიც, სავარაუდოდ, თვითგამოცხადებული „ტრამპისტის“, ანდრეი ბაბიშის პარტია გაიმარჯვებს, თუმცა - პარლამენტში მანდატების უმრავლესობის მიღების გარეშე. მილიარდერი ექს-პრემიერის ხელისუფლებაში შესაძლო დაბრუნებამ შეიძლება უკრაინის მოკავშირე ჩეხეთი ევროკავშირში „განსხვავებულად მოაზროვნე“ უნგრეთსა და სლოვაკეთთან დააახლოოს, რაც კიევთან და ბრიუსელთან რთულ ურთიერთობებს მოასწავებს. მაგრამ მაშინაც კი, თუ ბაბიშის პარტია ANO („დიახ“) ხმების უმრავლესობას მოიპოვებს, მას თითქმის უეჭველად მოუწევს მოლაპარაკებების გამართვა სხვა პარტიებთან კოალიციის შესაქმნელად. ჩეხეთში, რომელიც ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი ქვეყანაა, დაახლოებით 11 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ბაბიშის საარჩევნო კამპანია აქ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტისა და საკუთარი მოსახლეობისთვის კეთილდღეობის დაპირებების ფონზე მიმდინარეობს.

ამჟამინდელმა ცენტრისტულ-მემარჯვენე კოალიციურმა მთავრობამ, პრემიერ-მინისტრ პეტრ ფიალას ხელმძღვანელობით, უკრაინას ფართომასშტაბიანი ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარება გაუწია, მაგრამ ბევრი ამომრჩეველი მას შიდა პრობლემების უგულებელყოფაში ადანაშაულებს. „ცვლილება აუცილებელია. ჩეხეთი უფრო ავტონომიური უნდა გახდეს, ის მხოლოდ ბრიუსელის სურვილების გამხმოვანებელი არ უნდა იყოს“, - განუცხადა სააგენტო „ფრანს პრესს“ 68 წლის გეოგრაფმა, იაროსლავ კოლარმა. 41 წლის ექიმმა, ანა სტეფანოვამ კი „ფრანს პრესს“უთხრა, რომ მას „რუსეთისკენ გადახრის“ ეშინია. ბაბიში ევროკავშირის ზოგიერთ პოლიტიკოსს აკრიტიკებდა იმ პერიოდში, როდესაცის 2017-21 წლებში ჩეხეთის პრემიერ-მინისტრიიყო. ის კარგ ურთიერთობაშია უნგრეთის და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრებთან, ვიქტორ ორბანსა და რობერტ ფიცოსთან, რომლებმაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიუხედავად, მოსკოვთან კავშირები შეინარჩუნეს.

„ჩეხები, უპირველეს ყოვლისა“

საარჩევნო უბნები პარასკევს 12:00 საატზე (GMT) გაიხსა და 20:00 საათზე (GMT) დაიხურა, შაბათს კი 06:00-დან 12:00 საათამდე იქნება გახსნილი. არჩევნების შედეგები შაბათს საღამოს გახდება ცნობილი. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებით, ANO 30 პროცენტზე მაღალი მხარდაჭერით სარგებლობს, ფიალას გაერთიანება „ერთად“ კი მას დაახლოებით 20 პროცენტით ჩამორჩება. „ჩვენი მიზანი ერთპარტიული მთავრობის ჩამოყალიბებაა. ჩვენ წარსულში წარმატებით, კარგი შედეგებით ვმართავდით ქვეყანას“, - განაცხადა 71 წლის ბაბიშმა ოთხშაბათს ფიალასთან გამართული სატელევიზიო დებატების დროს. ის საკუთარ თავს „მშვიდობისმყოფელს“ უწოდებს და უკრაინაში ომის შეწყვეტის მოწოდებით გამოდის. მისი დევიზია „ჩეხები, უპირველეს ყოვლისა“ და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მსგავსად, ყველა ჩეხს „უკეთეს სცხოვრებას“ ჰპირდება.

2024 წელს ბაბიშმა ევროპარლამენტში ულტრამემარჯვენე ჯგუფი „პატრიოტები ევროპისთვის“ ჩამოაყალიბა, რომელშიც, სხვა პარტიებთან ერთად, საფრანგეთის „ეროვნული გაერთიანებაც“ შედის. თავის მხრივ, პოლიტოლოგიის ყოფილმა პროფესორმა, 61 წლის ფიალამ X პლატფორმაზე დაწერა, რომ ამომრჩევლები გადაწყვეტენ, „გავაგრძელებთ თუ არა თავისუფლების, მაღალი ხარისხის დემოკრატიის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გზას, თუ აღმოსავლეთისკენ წავალთ“.

„პრაგმატული ბიზნესმენი“

კარლის (პრაღა) უნივერსიტეტის ანალიტიკოსმა, იოზეფ მლეინეკმა „ფრანს პრესს“ განუცხადა, რომ ბაბიშის გამარჯვები შემთხვევაში, „ფუნდამენტურ ცვლილებას“ არ ელოდება. „ბაბიში პრაგმატული ბიზნესმენია და ერთადერთი, რაც მას აინტერესებს, პრემიერ-მინისტრობაა“, - აღნიშნა მან. და მაინც: ყველაფერი არჩევნების შედეგებზე იქნებადა მოკიდებული. თუ ბაბიშის პარტია პირველ ადგილს დაიკავებს, მაგრამ უმრავლესობას ვერ მოიპოვებს, ის შეიძლება შეეცადოს, კოალიცია შექმნას ულტრამემარჯვენე ოპოზიციურ SPD მოძრაობასთან, რომელსაც, ანალიტიკოსების თქმით, ამომრჩეველთა დაახლოებით 12 პროცენტი უჭერს მხარს.

ამასთან, გაჩნდა გარკვეული შეშფოთება, არჩევნებზე გავლენის მოხდენის მიზნით, ინტერნეტით გავრცელებული რუსული პროპაგანდის გამო - ანალიტიკოსთა ჯგუფმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ჩეხურიTikTok-ით, რომელსაც მილიონობით მომხმარებელი ჰყავს, „მანიპულირებული ჩართულობის გზით, სისტემატურად ავრცელებენ პრორუსულ პროპაგანდას და მხარს უჭერენ ანტისისტემურ პარტიებს“. თუმცა, ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ამომრჩეველთა განწყობებში დიდ ცვლილებას ჯერჯერობით ვერ ხედავენ.

სკანდალებმა უკვე შელახა როგორც ბაბიშის, ისე ფიალას რეპუტაცია. ფიალას მთავრობას აკრიტიკებენ იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებისგამო, რომელიც გასამართლებული კრიმინალისგან 44 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინების მიღებას შეეხება. ბაბიში კი, რომელიც სლოვაკეთშია დაბადებული და ჟურნალ „ფორბსის“ მიხედვით, მეშვიდე უმდიდრესი ჩეხია, სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს ევროკავშირის სუბსიდიებით სავარაუდო თაღლითობისთვის, რომლის ღირებულებაც 2 მილიონ დოლარზე მეტია. გავრცელებული ინფორმაციით, 2007 წელს ბაბიშმა პრაღის მახლობლად მდებარე თავისი ფერმა თავისივე კვების ჰოლდინგური კომპანია „აგროფერტიდან“ გამოყო, რათა მცირე ფირმებისთვის განკუთვნილი სუბსიდია მიეღო. თუმცა, მან ეს ბრალდება უარყო და მას „ცილისმწამებლური კამპანია“ უწოდა.

წყარო: 1 არხი