ადამიანის სიცოცხლის პროგრესად შეიძლება ჩავთვალოთ ცვლილებების თანდათანობითი თანმიმდევრობა დედის მუცლიდან საფლავამდე.
მაგრამ თუ ერთ მშვენიერ დილას სარკეში ჩახედვისას აღმოაჩენთ, რომ უცბად გაცილებით ხნიერად გამოიყურებით, შეიძლება ეს სულაც არ გეჩვენებოდეთ.
დაბერებასთან დაკავშირებულ მოლეკულურ ცვლილებებზე ჩატარებული კვლევის მიხედვით, ადამიანები განიცდიან ორ მკვეთრ გადახრას დაბერებისკენ — ერთს დაახლოებით 44 წლის ასაკში და მეორეს დაახლოებით 60 წლის ასაკში.
„დროთა განმავლობაში თანდათანობით კი არ ვიცვლებით, არამედ ხდება მართლა დრამატული ცვლილებებიც. როგორც ჩანს, შუა 40-იანი წლები დრამატული ცვლილებების პერიოდია; ასევეა 60-იანი წლების დასაწყისიც. არ აქვს მნიშვნელობა, მოლეკულათა რომელ კლასს შეხედავ“, — ამბობს სტენფორდის უნივერსიტეტის გენეტიკოსი მაიკლ სნაიდერი.
დაბერება კომპლექსურია და დაკავშირებულია ყველა სახის დაავადების რისკების ზრდასთან.
სნაიდერი და მისი კოლეგები დაბერების ბიოლოგიას იკვლევდნენ, რათა უკეთესად გაეგოთ, რა ცვლილებები ხდება ამ დროს და როგორ, რადგან თუ ეს ყველაფერი გვეცოდინება, უკეთესად მოხდება დაავადებათა მკურნალობა. ამისათვის შეისწავლეს 108 ზრდასრული ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც მათ რამდენიმე წლის განმავლობაში, რამდენიმე თვეში ერთხელ გადასცემდა ბიოლოგიურ ნიმუშებს.
მკვლევრებმა შენიშნეს, რომ ზოგიერთი დაავადების, მაგალითად, ალცჰაიმერისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შემთხვევაში, რისკი დროთა განმავლობაში თანდათანობით კი არ იზრდებოდა, არამედ მკვეთრად იზრდებოდა გარკვეული ასაკის შემდეგ. ამიტომ სურდათ, ახლოდან შეესწავლათ დაბერების ბიომარკერები, რათა ენახათ, შესაძლებელს ხდიდნენ თუ არა ისინი დაკავშირებულ ცვლილებათა იდენტიფიცირებას.
ამ კოჰორტიდან აღებული ნიმუშების გამოყენებით, მკვლევრები თვალს ადევნებდნენ სხვადასხვა სახის ბიომოლეკულებს. მათ შორის იყო რნმ, ცილები, ლიპიდები და ნაწლავის, კანის, ცხვირისა და ორალური მიკრობიომის ტაქსონები, ჯამში 135 239 ბიოლოგიური ელემენტი.
626 დღის განმავლობაში, თითოეულმა პაციენტმა საშუალოდ 47 ნიმუში გაიღო, ყველაზე დიდხნიანმა მონაწილემ კი 367 ნიმუში. ასე ბევრმა მონაცემმა გამოიღო 246 მილიარდზე მეტი მონაცემთა წერტილი, რომლებიც მკვლევრებმა შემდეგ დაამუშავეს და შეისწავლეს ცვლილებათა მახასიათებლები.
ვრცლად პირველ არხზე