„ოპეკი+“-ის წევრი რვა ქვეყანა სექტემბერში ნავთობის მოპოვების გაზრდაზე შეთანხმდა.

„ევრონიუსის“ ცნობით, „ოპეკის“ წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებით, ნავთობის მოპოვება სექტემბერში დღეში 548 000 ბარელით გაიზრდება.

„ოპეკი+“-ის წევრები რამდენიმე წლის განმავლობაში ამცირებდნენ ნავთობის მოპოვებას, რათა „შავ ოქროზე“ ფასების სტაბილურობა შენარჩუნებულიყო, თუმცა 2025 წლის დასაწყისში მათ ეს კურსი შეცვალეს, რაც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოწოდების ფონზე მოხდა, რომელიც ნავთობის მოპოვების გაზრდას ითხოვს.

„ევრონიუსი“ წერს, რომ „ოპეკი+“-ის გადაწყვეტილება იმ ფონზეა მიღებული, როდესაც აშშ ცდილობს, მოახდინოს ზეწოლა მოსკოვზე, რათა ის უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებს დათანხმდეს.

შეგახსენებთ, ამ კვირაში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთს უკრაინაში ომის დასასრულებლად შეთანხმებისთვის ვადას 8 აგვისტომდე აძლევს.