Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე შესაძლო კანდიდატების განხილვაში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც ჩაერთო. მისი განცხადებით, კომპანიის ხელმძღვანელის პოსტზე ჯენსენ ჰუანგის შემცვლელად Apple-ის ყოფილი CEO და ამჟამად დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ტიმ კუკი უნდა განიხილონ.

„არსებობს მხოლოდ ერთი ადამიანი, რომელიც მის ადგილს დაიკავებს – Apple-ის ტიმ კუკი. ლეგენდა ჩაანაცვლებს ლეგენდას“, – დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

Nvidia-ს ხელმძღვანელობის ცვლილების საკითხი ბოლო დღეებში განვითარებულმა სკანდალმა გაააქტიურა. კომპანიის დირექტორთა საბჭომ ახალი აღმასრულებელი დირექტორი უნდა შეარჩიოს. ამ ეტაპზე Nvidia-ს დროებით ფინანსური დირექტორი კოლეტ კრესი ხელმძღვანელობს.

კომპანიის ინფორმაციით, ახალი CEO-ს შერჩევის პროცესი მიმდინარეობს და საბჭო როგორც შიდა, ისე გარე კანდიდატურებს განიხილავს.

პოტენციურ კანდიდატებს შორის სახელდებიან Arm-ის ხელმძღვანელი რენე ჰაასი, Intel-ის ყოფილი CEO პატ გელსინგერი, AMD-ის აღმასრულებელი დირექტორი ლისა სუ, Micron-ის ხელმძღვანელი სანჯაი მეჰროტრა და Marvell Technology-ს CEO მეტ მერფი. ასევე განიხილება Nvidia-ს მთავარი ინჟინრის, იენ ბაკის კანდიდატურა.

ტიმ კუკის კანდიდატურას განსაკუთრებული ყურადღება მისი Apple-ში მუშაობის გამოცდილების გამო ექცევა. მან კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია 2011 წელს, სტივ ჯობსის გარდაცვალების შემდეგ დაიკავა. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში Apple-ის საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 350 მილიარდი დოლარიდან 4.5 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა.

ამჟამად Nvidia მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიებს შორის მეორე ადგილს იკავებს საბაზრო კაპიტალიზაციით, მას მხოლოდ Apple უსწრებს.