საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებისთვის ნოემბრის ანაზღაურების გაზრდისა და დამატებით ერთი თვის ხელფასის გაცემის გადაწყვეტილება მიიღეს,- ინიციატივა საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ, 12 ნოემბრის სხდომაზე წარადგინა.

მაღლაფერიძემ საკითხი დღის წესრიგში წინასწარი შეტყობინების გარეშე დააყენა. მისი განმარტებით, საბჭოს ბიუჯეტში არსებული რესურსი იძლეოდა შესაძლებლობას, წევრების ყოველთვიური ჰონორარები პროპორციულად გაზრდილიყო, დარჩენილი თანხა კი მე-13 ხელფასის სახით გაცემულიყო.

მიღებული გადაწყვეტილებით, ნოემბერში თავად ვასილ მაღლაფერიძე ჯამში 19 715 ლარს მიიღებს, თავმჯდომარის მოადგილე დავით ქართველიშვილი – 15 201 ლარს, ხოლო სამეურვეო საბჭოს თითოეული სხვა წევრი – 13 606 ლარს.

დამატებითი ერთი თვის ანაზღაურება ასევე გამოიყო აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორისა და სამეურვეო საბჭოს აპარატის თანამშრომლებისთვის.

გარდა ამისა, საბჭოს ბიუჯეტის ნაშთიდან თანამშრომელთა პრემიებისთვის 207 314 ლარი აჭარის ტელევიზიასა და რადიოს, ხოლო 200 000 ლარი საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს გადაეცა.

ინიციატივის განხილვას საბჭოს წევრების, ლაშა ტუღუშისა და ლიკა ბასილაია-შავგულიძის პროტესტი მოჰყვა. მათ გადაწყვეტილების მიღების პროცედურა და მისი კანონიერება ეჭვქვეშ დააყენეს და კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. ორივე წევრმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა.

მაუწყებლის იურისტის განმარტების შემდეგ, რომელმაც პროცედურა დამკვიდრებულ პრაქტიკად შეაფასა, დარჩენილმა რვა წევრმა მაღლაფერიძის ინიციატივას ერთხმად დაუჭირა მხარი.