საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის, 2021 წელს მიღებული კორუფციის საქმის განაჩენის ფარგლებში ელექტრონული სამაჯური დაუმაგრეს. ამის შესახებ ინფორმაცია Le Monde-მ 7 თებერვალს გაავრცელა.
მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, 70 წლის სარკოზის სახლიდან გასვლა მხოლოდ დილის 8:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე შეეძლება. იმ დღეებში, როდესაც მისი ახალი სისხლის სამართლის საქმის სასამართლო სხდომები გაიმართება, ეს ვადა 21:30 საათამდე გახანგრძლივდება.
Le Monde ელექტრონული სამაჯურის ტარებას "უპრეცედენტო ზომად" მოიხსენიებს ქვეყნის ყოფილი მეთაურის მიმართ.
2021 წლის მარტში სასამართლომ ნიკოლა სარკოზი კორუფციაში დამნაშავედ ცნო. 2014 წელს სარკოზი 2007 წლის მისი წინასაარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსების საქმის გამოძიების შესახებ ინფორმაცის მისაღებად მოსამართლის მოქრთამვას ცდილობდა.
ყოფილ პრეზიდენტს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა და ორი წლით პირობითი მიესაჯა, თუმცა, ციხის ნაცვლად, მას მისცეს შესაძლებლობა, რომ სასჯელი ელექტრონული სამაჯურით მოეხადა.
2023 წელს სარკოზიმ სააპელაციო სასამართლო წააგო, ხოლო 2024 წლის დეკემბერში საკასაციო სასამართლომ გადაწყვეტილება დაამტკიცა.
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი თავის უდანაშაულობას ამტკიცებს, ხოლო მისი ადვოკატები სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოში (ECHR) სარჩელის შეტანას გეგმავენ.
სარკოზი საფრანგეთის პრეზიდენტი 2007 წლიდან 2012 წლამდე იყო.
გამოძიების თანახმად, 2007 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს ნიკოლა სარკოზიმ L'Oreal-ის მემკვიდრე ლილიან ბეტანკურისგან უკანონოდ ფულის მიღების საქმის დეტალების სანაცვლოდ მოსამართლეს მონაკოში პრესტიჟული სამსახური შესთავაზა.
პროკურატურის საქმე დამყარებული იყო სარკოზისა და მისი ადვოკატის ტერი ერზოგის სატელეფონო საუბრების ჩანაწერებზე. სარკოზიმ და ერზოგმა სატელეფონო საუბრების მოსმენა ადვოკატისა და კლიენტის ურთიერთობის კონფიდენციალურობის დარღვევად გამოაცხადეს, თუმცა 2016 წელს სასამართლომ მათი სამხილებად გამოყენება დასაშვებად მიიჩნია.
გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ სარკოზიმ ყალბი სახელით შეიძინა ტელეფონი თავის ადვოკატთან საიდუმლო საუბრებისთვის. ოცამდე შემთხვევაში ნიკოლა სარკოზი და მისი ადვოკატი განიხილავდნენ გილბერტ აზიბერთან დაკავშირების შესაძლებლობას. აზიბერი საფრანგეთის უზენაესი სააპელაციო სასამართლოს მთავარი იურისტია. პროკურორების თანახმად, აზიბერს დაევალა ბეტანკურთან დაკავშირებული სასამართლო გამოძიების შესახებ ინფორმაციის მოძიება და ამ საქმის მიმდინარეობაზე გავლენის მოხდენა სარკოზის სასარგებლოდ. რის სანაცვლოდაც სარკოზი თავის კავშირებს გამოიყენებდა, რათა აზიბერს მონაკოში პრესტიჟული სამუშაო ადგილი დაეკავებინა.
სარკოზის თანახმად, გილბერტ აზიბერს მონაკოში არანაირი თანამდებობა არ დაუკავებია, თუმცა საფრანგეთის კანონმდებლობით მსგავსი სახის შეთავაზებაც კი უკვე კორუფციად მიიჩნევა.
წყარო: ტაბულა