ნიდერლანდების ხელისუფლება განიხილავს სპეციალური საზაფხულო სამგზავრო ბარათის ამოქმედებას, რომელიც მოქალაქეებსა და ტურისტებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მნიშვნელოვნად იაფად გადაადგილების საშუალებას მისცემს. ახალი ინიციატივის მიხედვით, 49 ევროს სანაცვლოდ მგზავრებს სამი თვის განმავლობაში შეეძლებათ ავტობუსებით, მატარებლებით, მეტროთი და ტრამვაით შეუზღუდავი მგზავრობა არაპიკის საათებში. პროექტის ავტორები აცხადებენ, რომ ეს ბევრ მომხმარებელს მგზავრობის ხარჯს დაახლოებით 60%-ით შეუმცირებს.

ინიციატივა ენერგეტიკული კრიზისისა და საწვავის გაძვირების ფონზე გაჩნდა. ნიდერლანდების პარლამენტში მიიჩნევენ, რომ უფრო იაფი საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოქალაქეებს ავტომობილების ნაკლებად გამოყენებისკენ უბიძგებს და საწვავზე დამოკიდებულებას შეამცირებს. პროექტს აქტიურად უჭერს მხარს პარტია Progressief Nederland (PRO), რომლის ლიდერის, იესი კლავერის განცხადებით, „ტრანსპორტი სულ უფრო ძვირდება, ხოლო იაფი საზოგადოებრივი ტრანსპორტი კარგია როგორც მოქალაქეების ბიუჯეტისთვის, ისე ენერგეტიკული კრიზისის პირობებში“.

გეგმას უკვე ადარებენ გერმანიის პოპულარულ Deutschlandticket-ს, თუმცა ნიდერლანდური მოდელი მხოლოდ არაპიკის საათებზე გავრცელდება და ძირითადად დასვენების, ოჯახური ვიზიტებისა და ტურისტული გადაადგილებისთვის იქნება განკუთვნილი. პროექტის სავარაუდო ღირებულება სახელმწიფოსთვის დაახლოებით 118 მილიონი ევრო იქნება.

ცნობისთვის, ევროპაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარიზაციისთვის ახალი სოციალური და ეკოლოგიური ინიციატივები სულ უფრო აქტუალური ხდება. მას შემდეგ, რაც ნიდერლანდებმა ზაფხულის სპეციალური სამგზავრო ბარათის ამოქმედება და 60%-მდე ფასდაკლებები განიხილა, მსგავსი მიმართულებით ნაბიჯებს უკვე სხვა ქვეყნებიც დგამენ.

ავსტრიაში ხელისუფლება ახალ პროგრამას იწყებს, რომლის მიხედვითაც ახალგაზრდები 18 წლის შესრულებისას ერთწლიან უფასო სამგზავრო ბარათს მიიღებენ. ინიციატივა ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად და ახალგაზრდებს ავტობუსებით, მატარებლებითა და სხვა მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ გადაადგილების შესაძლებლობას მისცემს.

პროექტი ავსტრიის KlimaTicket-ის სისტემას უკავშირდება, რომელიც მოქალაქეებს ერთი ბილეთით თითქმის მთელი ქვეყნის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საშუალებას აძლევს. ახალი მოდელის ფარგლებში, 18 წლის ახალგაზრდები ამ ბარათს სახელმწიფოსგან საჩუქრად მიიღებენ და მისი მოქმედების ვადა ერთი წელი იქნება.

ამავე დროს, ავსტრიაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარიზაციისთვის კიდევ უფრო არატრადიციულ კამპანიასაც განიხილავენ. ერთ-ერთი ინიციატივის მიხედვით, მოქალაქეებს უფასო მგზავრობის მიღება სპეციალური ტატუს გაკეთების სანაცვლოდ შეეძლებათ. იდეა ავსტრიის კლიმატის დაცვის სამინისტროს ეკუთვნის და მიზნად საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენებისადმი ინტერესის გაზრდას ისახავს. კამპანიის ფარგლებში მონაწილეებს KlimaTicket-ის სიმბოლოს ან შესაბამისი დიზაინის ტატუს გაკეთების შემდეგ ერთწლიანი უფასო სამგზავრო ბარათი გადაეცემათ.

ევროპაში მსგავსი პროექტები კლიმატის ცვლილების, საწვავის გაძვირებისა და ურბანული გადატვირთვის ფონზე სულ უფრო ფართოვდება. სახელმწიფოები ცდილობენ, მოქალაქეები კერძო ავტომობილებიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადაიყვანონ და ეკოლოგიურად უფრო მდგრადი გადაადგილების კულტურა ჩამოაყალიბონ.