ნატო-ს მოკავშირეებმა უკრაინის მხარდასაჭერად მეტი უნდა დახარჯონ, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ შვედეთში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
მარკ რუტემ ნატო-ს მინისტერიალის დაწყებამდე პრესკონფერენცია შვედეთის პრემიერ-მინისტრთან, ულფ კრისტერსონთან ერთად გამართა.
„ნატო-ს ფარგლებში ხარჯები თანაბრად არ არის გადანაწილებული. ძალისხმევას ქვეყნების გარკვეული ჯგუფი ხელმძღვანელობს, მაგრამ ბევრი სხვა უკრაინის მხარდასაჭერად საკმარისად არ ხარჯავს“, - განაცხადა რუტემ.
შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის გამოყოფილი მხარდაჭერის სიდიდის მიხედვით შვედეთი რიგით მესამეა.
„კარგი იქნებოდა, თუ ჩვენი მხარდაჭერის მოცულობას კონკურენციას სხვა ქვეყნებიც გაუწევდნენ. ჩვენი მხარდაჭერა ხანგრძლივი და მტკიცე უნდა იყოს“, - აღნიშნა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა.
ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა შვედეთის ქალაქ ჰელსინგბორგში დღეს დაიწყება და ხვალაც გაგრძელდება.