პლასტმასის ბოთლებით იმპორტისა და რეალიზაციის აკრძალვის 2031 წლამდე გადავადების გადაწყვეტილების შემდეგ, მიმდინარე წლის სექტემბრიდან ინდუსტრიის წარმომადგენლები აქტიურ მუშაობას იწყებენ.

როგორც "ბიზნესპარტნიორთან" "ეფ ეს საქართველოს" კორპორაციულ საქმეთა დირექტორმა, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა განაცხადა, მთავარი მიმართულება სეპარირებული შეგროვების სისტემის შექმნა და გადამამუშავებელი საწარმოების ხელშეწყობა იქნება.

"დაახლოებით, სექტემბრიდან აქტიურად ჩავერთვებით ამ პროცესში. ბიზნეს ასოციაცია, ინვესტორთა საბჭო და ინდუსტრიის ცალკეული წარმომადგენლები. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ამოქმედება იქნება გამოსავალი. აღნიშნული, მოიცავს სეპარირებული შეგროვების სისტემის შექმნას და გადამამუშავებელი საწარმოების ხელშეწყობა. სექტემბრის თვიდან იქნება საკმაოდ დიდი აქტივობები. 

ლუდის ინდუსტრიაში ბევრი არაფერი შეიცვლება, მაგრამ სასმელების სხვა მიმართულებაში - მაგალითად, არაალკოჰოლურ და მინერალურ წყლებში პროდუქცია გაძვირდება, რადგან შუშის ბოთლებში გაგრძელდება მათი ჩამოსხმა. 

ძალიან დიდი აქტივობები გვექნება სექტემბრიდან და იმედი გვაქვს, წლის ბოლომდე დავასრულებთ, დავსახავთ კონკრეტულ ნაბიჯებს და სისტემას შევქმნით", - აცხადებს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.

ცნობისთვის, სასმელის პლასტმასის ბოთლებით იმპორტისა და  რეალიზაციის აკრძალვა 4 წლით, 2031 წლამდე გადავადდა. გადაწყვეტილება ბიზნეს სექტორთან აქტიური კონსულტაციის შედეგად შეიცვალა.

bp.ge