საქართველოში იპოთეკური სესხების წლიური საპროცენტო განაკვეთი 11.64%-ს შეადგენს. ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოს 75 ქვეყანას შორის მეექვსე ადგილზეა. ამის შესახებ საერთაშორისო უძრავი ქონების ანალიტიკური პლატფორმა Global Property Guide-ის მონაცემებშია აღნიშნული.
პლატფორმის მონაცემებით, იპოთეკური სესხები ყველაზე ძვირია თურქეთში, სადაც წლიური საპროცენტო განაკვეთი 40.34%-ს შეადგენს. მას მოსდევს არგენტინა 29.76%-ით, ხოლო მესამე ადგილზე პაკისტანია 14.76%-იანი განაკვეთით.
საქართველოს მაჩვენებელი ასევე აღემატება მექსიკის (11.33%), ბრაზილიის (11.22%), სამხრეთ აფრიკის (10.50%) და ყაზახეთის (10.40%) მონაცემებს.
რაც შეეხება ყველაზე დაბალ საპროცენტო განაკვეთებს, რეიტინგის სათავეში შვეიცარიაა, სადაც იპოთეკური სესხის წლიური განაკვეთი 1.52%-ს შეადგენს. მას მოსდევს მალტა (1.95%) და სინგაპური (2.05%).
ცნობისთვის, Global Property Guide საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის უძრავი ქონებისა და საბინაო ბაზრების მაჩვენებლებს აგროვებს და აანალიზებს. მათ შორისაა იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთები, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები, გაქირავების ამონაგები და ქონების გადასახადები.