NATO-ს ექვსმა ქვეყანამ PURL-ის მექანიზმის მეშვეობით უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერის ოთხი პაკეტი დააფინანსა, რომელთა საერთო ღირებულება ორ მილიარდ დოლარს აღემატება, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

მისივე თქმით, ინიციატივას სავარაუდოდ, NATO-ს კიდევ ექვსი წევრი შეუერთდება.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პირველი პაკეტი ნიდერლანდებმა დააფინანსა 578 მილიონი დოლარით; მეორე, დანიამ, ნორვეგიამ და შვედეთმა 495 მილიონი დოლარით; მესამე – გერმანიამ 500 მილიონი დოლარით, ხოლო მეოთხე პაკეტის დაფინანსებაზე, რომლის ღირებულება 500 მილიონი დოლარია – კანადამ განაცხადა.

ზელენსკის განცხადებით, პირველი ორი პაკეტის მიწოდება სექტემბრის შუა რიცხვებში დაიწყო. გარდა ამისა, ირკვევა, რომ შეერთებულმა შტატებმა კანადასთან და გერმანიასთან ერთად, მესამე და მეოთხე პაკეტების შემუშავება უკვე დაასრულა.

„ინიციატივა მუშაობს, ძალიან აქტიურ დახმარებას გვიწევს, ეს არის ზუსტად ის მექანიზმი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, შევიძინოთ ამერიკული იარაღი, ჩვენი ნატოელი პარტნიორების დაფინანსებით. ეს მოიცავს, როგორც რაკეტებს „პეტრიოტს“, ასევე რაკეტებს „ჰაიმარისთვის“, – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

ზელენსკის განცხადებით, ამჟამად ამერიკული მხარე უკრაინასთან მეხუთე და მეექვსე პაკეტებს ათანხმებს. პარალელურად, კი დაწყებულია მუშაობა მეშვიდე, მერვე, მეცხრე და მეათე პაკეტების შემუშავებაზე.

ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, ლუქსემბურგმა, ბელგიამ და ისლანდიამ გამოაცხადეს მზადყოფნა, წვლილი შეიტანონ უკრაინის თავდაცვის მეხუთე პაკეტის დაფინანსებაში.

უკრაინა ოქტომბრის თვეში ამ ინიციატივისთვის დამატებითი დაფინანსების უზრუნველყოფას ელოდება, რომლის მიზანიც თვეში ერთი მილიარდი დოლარის დამატება იქნება.

ცნობისთვის, PURL ინიციატივის მიზანი შეერთებულ შტატებში შეძენილი სისტემებისა და იარაღის სწრაფი მიწოდების უზრუნველყოფაა, უკრაინის პოზიციების გამტკიცება და სამართლიანი მშვიდობის მისაღწევი პირობების შექმნაა. PURL-ის მექანიზმი ნატოს წევრი ქვეყნების მიერ არის დაფინანსებული.

1tv.ge