ბაქოში ევროკომისიის წარმომადგენლის ვიზიტის პარალელურად, ევროკავშირი, აზერბაიჯანი და EBRD შეთანხმდნენ ნახიჩევანის რკინიგზის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის მომზადებაზე.
„ევროკავშირი, აზერბაიჯანი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) შეთანხმდნენ ნახიჩევანის რკინიგზის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის მომზადებაზე“, - აცხადებენ ბრიუსელში.
ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკის საკითხების გენერალური დირექტორატის ცნობით, ევროკავშირი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ, რომ გააძლიერებენ პარტნიორობას „რეგიონული კავშირებადობის დღის წესრიგის“ მიმართულებით.
დირექტორატის შეფასებითვე, ნახიჩევანის რკინიგზის პროექტი არის „მნიშვნელოვანი ინვესტიცია აზერბაიჯანსა და უფრო ფართო რეგიონში მობილობისა და ეკონომიკური ნაკადების გასაუმჯობესებლად“.
ევროკომისიის დირექტორატის გავრცელებულ ცნობაში არ არის მითითებული, რა თანხაა საჭირო აღნიშნული კვლევისთვის და რომელი მხარე რა წილს დააფინანსებს.
„ეს რკინიგზა კიდევ უფრო ფართო, ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის ნაწილს წარმოადგენს, რომლის მიზანია ევროპისა და ცენტრალური აზიის დაკავშირება 15 დღეში“, - წერს გაფართოების დირექტორატი 29 იანვარს გავრცელებულ პრესრელიზში.
ევროკომისიის წარმომადგენელი ბაქოში
წინა დღით, 28 იანვარს, ბაქოში ვიზიტით იმყოფებოდა ხერტ იან კოოპმანი, ევროკომისიის გენერალური დირექტორი სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში.
მისი თქმით, ვიზიტის მიზანი იყო აზერბაიჯანელ პარტნიორებთან შეხვედრა „მშვიდობის, კავშირებადობისა და ევროკავშირი-აზერბაიჯანის პარტნიორობის განსახილველად“.
მან შეხვედრები გამართა ილჰამ ალიევის მრჩევლებთან, ჰიკმეტ ჰაჯიევთან და ელჩინ ამირბაიოვთან. კოოპმანი მათ ესაუბრა, სხვა საკითხებთან ერთად, „შუა დერეფნის კავშირებადობის კუთხით სამომავლო ნაბიჯებთან“ დაკავშირებით.
იგი ასევე შეხვდა აზერბაიჯანის ეკონომიკის, ენერგეტიკის, ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრებს, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს.
ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, მინისტრ რაშად ნაბიევთან კოოპმანის შეხვედრისას ისაუბრეს „ზანგეზურის დერეფნის ჩართვაზე ევროკავშირის ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელში (TEN-T)“, ასევე „შუა დერეფნის გაციფრულებაზე“.
ნახიჩევანი და „ტრამპის მარშრუტი“
- ნახიჩევანი არის აზერბაიჯანის ავტონომიური რესპუბლიკა, - ექსკლავი, რომელიც სომხეთს, თურქეთსა და ირანს შორისაა მოქცეული.
- სწორედ ამ ავტონომიურ რესპუბლიკაში უნდა გაიაროს „ტრამპის მარშრუტმა“ - დონალდ ტრამპის მედიაციით სომხეთსა და აზერბაიჯანის ინიციატივამ;
- თურქეთის ტრანსპორტის მინისტრმა აბულქადირ ურალოღლუმ 13 იანვარს განაცხადა, რომ „ზანგეზურის დერეფანი“ - სომხეთზე გამავალი მარშრუტი, რომელსაც სომხეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, ასე უწოდებენ ანკარა და ბაქო - 2030 წლისთვის შეიძლება „ამუშავდეს“;
- მისი თქმით, 2025 წელს თურქეთმა დაიწყო ყარსი-იღდირი-არალიქი-დილუჩუს რკინიგზის მშენებლობა, რაც მნიშვნელოვანია ამ პროექტის ფარგლებში; მან იქვე განაცხადა, რომ, თავის მხრივ, აზერბაიჯანიც მუშაობს რკინიგზის ნახიჩევანის სექციაზე.
- 2025 წლის დეკემბერში აზერბაიჯანის რკინიგზის ვიცე-თავმჯდომარე არიფ აღაიევმა განაცხადა, რომ ნახიჩევანში საჭიროა 188 კმ სიგრძის ახალი სარკინიგზო ხაზის აშენება.
- „ტრამპის მარშრუტზე“ მუშაობა გრძელდება - 13 იანვარს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ვაშინგტონში შეხვედრა გამართეს, რის შემდეგაც გამოაქვეყნეს საერთო „ტრამპის მარშრუტის განხორციელების ჩარჩო-შეთანხმება“.
- დოკუმენტის შესავალში წერია, რომ პროექტი „დააკავშირებს აზერბაიჯანის ძირითად ნაწილსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას ერთმანეთთან და შექმნის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კავშირს „ტრანსკასპიურ სავაჭრო გზაზე“ - გზაზე, რასაც სხვაგვარად „შუა დერეფანს“ უწოდებენ.
ევროკავშირის ინიციატივა - საქართველოს გარეშე
ევროკავშირს თბილისთან მაღალი დონის ურთიერთობები 2024 წლის შემდეგ შეჩერებული აქვს - იმაზე პასუხად, რასაც უწოდებს „უპრეცედენტო“ დემოკრატიულ უკუსვლას ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანაში (განიხილავს უვიზო რეჟიმის შეჩერებასაც).
2025 წლის 20 ოქტომბერს ევროკავშირმა საქართველოს წარმომადგენლის მონაწილეობის გარეშე ჩაატარა „რეგიონული კავშირებადობის დღის წესრიგის“ შეხვედრა.
ამ დღეს ლუქსემბურგში შეიკრიბნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საგარეო მინისტრები - ყველა, გარდა საქართველოსი.
შეხვედრაზე იყვნენ სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა, თურქეთი, უკრაინა, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისათვის, მაკა ბოჭორიშვილისათვის მსგავსი მიწვევა არ გაუგზავნიათ.
ბრიუსელმა შეხვედრაზე მიიწვია საქართველოს ელჩი ევროკავშირში, თუმცა თბილისმა უარი თქვა ელჩის დონეზე მონაწილეობაზე (ეს ინფორმაცია საგარეო უწყების პრესცენტრში დაგვიდასტურეს).
- ევროკავშირი აზერბაიჯანს აკრიტიკებს ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გამო, თუმცა პოლიტიკური კავშირები მასთან კვლავ აქვს.
- 2022 წელს დადებული შეთანხმებით, აზერბაიჯანულმა მხარემ განაცხადა, რომ 2027 წლისთვის 20 მილიარდ მ3-მდე გაზს მიაწვდის ევროკავშირს, - თითქმის გააორმაგებს ექსპორტის მოცულობას.