ამერიკულმა Forbes-მა 2025 წლის მაისისთვის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ათეული გამოაქვეყნა. მაისის დასაწყისში, წინა თვესთან შედარებით, მსოფლიოს უმდიდრესი ათი მილიარდერიდან შვიდის ქონება გაიზარდა, სამის კი – შემცირდა. ტოპ-10-ში ლიდერობას კვლავ ილონ მასკი ინარჩუნებს, რომლის ქონება, Forbes-ის მონაცემებით, 386.5 მილიარდ დოლარს შეადგენს. აპრილის დასაწყისში Tesla-ს აქციების ფასის მკვეთრი ვარდნის შემდეგ, ავტომწარმოებლის აქციების ღირებულება დაახლოებით 7%-ით გაიზარდა, რაც მასკის ქონების $46 მილიარდით ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა.
მილიარდერთა რეიტინგის სათავეში მყოფთა ქონების ზრდა მოხდა მას შემდეგ, რაც Nasdaq-ის აქციები ბოლო თვეში 0.7%-ით გაიზარდა, ხოლო S&P 500-მა 1.1%-ით იკლო. საფონდო ბირჟაზე არასტაბილურობა პრეზიდენტ ტრამპის ტარიფებთან დაკავშირებულმა განცხადებებმა, მათი შესაძლო გადახედვის გეგმებმა და მოსალოდნელი რეცესიის შიშმა გამოიწვია. ამ ფონზე, ქვეყნის მასშტაბით მრავალი ბიზნესმენი დროებით ახალ ინვესტიციებსა და წამოწყებებს აჩერებს.
მაისის ტოპ-10-ში შემავალ მილიარდერებს შორის მეორე ყველაზე დიდი ზრდა ამანსიო ორტეგას ქონების შემთხვევაში მოხდა, ესპანური მოდის გიგანტის Inditex-ის (Zara-ს მფლობელი) დამფუძნებელი, $9 მილიარდით გამდიდრდა და მისი ქონება $123.3 მილიარდს შეადგენს. ეს ზრდა როგორც Inditex-ის აქციების 2%-იანი მატებით, ასევე ევროს დოლართან მიმართებაში 5%-იანი გამყარებით არის გამოწვეული.
თუმცა გაზრდილი ქონებით მაისი ტოპ-10 უმდიდრესი ადამიანიდან ყველას არ დაუწყია. ფრანგმა მილიარდერმა ბერნარ არნომ, რომელიც მოდის ინდუსტრიის კონგლომერატ LVMH-ის ხელმძღვანელობს, აპრილში $15 მილიარდი დაკარგა. მიზეზი ამერიკასა და აზიაში გაყიდვების შემცირება იყო – მაგალითად, აზიაში (იაპონიის გარეშე) გაყიდვები 11%-ით დაეცა, ხოლო აშშ-ში – 3%-ით. ამან LVMH-ის აქციების ფასის 15%-იანი ვარდნა გამოიწვია.
ტოპ-10-ში კიდევ ორი ადამიანია, რომელთა ქონებაც გასულ თვესთან შედარებით შემცირდა, ესენი არიან: მეორე ადგილზე მყოფი ჯეფ ბეზოსი, რომელიც 5.3 მილიარდი დოლარით გაღარიბდა და მესამე ადგილზე მყოფი მარკ ცუკერბერგი, რომელმაც 9.3 მილიარდი დოლარი დაკარგა.
აღსანიშნავია, რომ ათეულმა მაისი ჯგუფურად $1.77-ტრილიონიანი ქონებით დაიწყო. ეს 1-ელ აპრილთან შედარებით 40 მილიარდი დოლარით მეტია.