მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, ვულკანეშტი–კიშინიოვის ახალი ელექტროგადამცემი ხაზი ექსპლუატაციაში შევიდა. პროექტი მოლდოვის ელექტროსისტემას რუმინეთისა და ევროპის ერთიან ენერგოსისტემასთან აკავშირებს.
სანდუს თქმით, ათწლეულების განმავლობაში რუსეთი ენერგორესურსებს მოლდოვაზე ზეწოლის ბერკეტად იყენებდა, თუმცა ქვეყანა რუსულ გაზს აღარ ყიდულობს.
ახალი ხაზი დაახლოებით 157-158 კილომეტრის სიგრძისაა და 400 კილოვოლტ ძაბვაზე მუშაობს. მისი ამოქმედება მოლდოვას საშუალებას აძლევს, რუმინეთიდან და ევროპის ბაზრიდან ელექტროენერგია ქვეყნის ცენტრალურ ნაწილს მიაწოდოს ტრანსნისტრიის რეგიონის ენერგეტიკული კვანძის გვერდის ავლით.
სანდუს განცხადებით, რუმინეთთან კიდევ ორი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობაც იგეგმება. მისი თქმით, ეს ნაბიჯები ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გაძლიერებას ემსახურება.