დემოკრატი კონგრსმენი გერი კონოლი და რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკ ტერნერი აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციებს მიესალმებიან. ამის შესახებ კონგრესმენები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
„მივესალმებით ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას სანქციები დაუწესოს ბიძინა ივანიშვილს საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრისთვის. ივანიშვილის ხელმძღვანელობით, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველო ერთპარტიული ავტორიტარიზმის მოდელთან დააახლოვა უცხოური აგენტების კანონის მიღებით, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენებით და ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გაჩერებით. შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს პასუხისმგებლობის დაკისრება, ვინც ქართველი ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს ახშობს, მათ შორის დამატებითი სანქციებით“, - ნათქვამია კონგრესმენების ერთობლივ განცხადებაში.
კონგრესმენი გერი კონოლიც (დემოკრატიული პარტია) კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობისა და სამთავრობო რეფორმების კომიტეტის ერთ-ერთი ლიდერია, ხოლო კონგრესმენი მაიკ ტერნერი (რესპუბლიკური პარტია) წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის მუდმივ კომიტეტს თავმჯდომარეობს და ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში აშშ-ის დელეგაციას ხელმძღვანელობს.