Microsoft ბავშვთა პერსონალური მონაცემების უკანონო შენახვისთვის აშშ-ის ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ (FTC) 20 მილიონი დოლარით დააჯარიმა. 

FTC-მ დაადგინა, რომ კომპანია უკანონოდ აგროვებდა და ინახავდა მონაცემებს იმ ბავშვების შესახებ, რომლებმაც  Xbox ანგარიშები გახსნეს. მარეგულირებლის ცნობით, Microsoft ბავშვთა ანგარიშების დარეგისტრირების შესახებ ინფორმაციას არ აწვდიდა მშობლებს და არ ითხოვდა მათ თანხმობას. 

საუბარია 13 წლამდე ასაკის ბავშვების პერსონალური მონაცემების (სრული სახელი, დაბადების თარიღი, ელექტრონული ფოსტა, საკონტაქტო ნომერი) შენახვაზე Xbox-ის ანგარიშებით, რომლებიც 2021 წლამდეა შექმნილი.  

აღმოჩნდა, რომ 2015 წლიდან 2020 წლის ჩათვლით, Microsoft ხშირად არღვევდა კანონს და მშობლების თანხმობის გარეშე არეგისტრირებდა ბავშვთა ანგარიშებს, შემდეგ კი არასრულწლოვნების მონაცემებს, ზოგიერთ შემთხვევაში, წლების განმავლობაში ინახავდა.

კომპანია FTC-ის გადაწყვეტილებას ეთანხმება და ჯარიმის გადასახდელად მზადაა. 

Microsoft-ს ასევე ევალება ბავშვების უსაფრთხოების დაცვისთვის ახალი სტანდარტი დააწესოს. ეს მოიცავს სისტემის შექმნას, რომელიც წაშლის ყველა პერსონალურ მონაცემს ორი კვირის შემდეგ, თუ მშობლის თანხმობა არ იქნება მიღებული.

FTC-ის ბრძანება ფედერალურმა სასამართლომ უნდა დაამტკიცოს, ვიდრე ის ძალაში შევა. 

ინფორმაციისთვის, აშშ-ში კანონი ბავშვებისთვის განკუთვნილ ონლაინ სერვისებსა და ვებგვერდებს ავალდებულებს მიიღონ მშობლის თანხმობა და მიწოდონ მათ ინფორმაცია ბავშვის შესახებ შეგროვებულ პერსონალურ მონაცემებზე.