გასულ კვარტალში iPhone-ის გაყიდვების ზრდა Apple-ს შემოსავლების ზრდაში დაეხმარა, ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
მთლიანი კვარტალური შემოსავალი 94,8 მილიარდი დოლარი იყო, რაც ანალიტიკოსების პროგნოზს (92,6 მილიარდი დოლარი) აღემატება.
ფინანსური შედეგები მოწმობენ, რომ Apple იწყებს გამოჯანმრთელებას იმ ვარდნისგან, რომელიც კომპიუტერებისა და სმარტფონების ინდუსტრიაში თავს დაატყდა.
Apple-ის გაყიდვები ჩინეთში ოდნავ უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე ანალიტიკოსები პროგნოზირებდნენ.
Apple-ი 90 მილიარდი დოლარის აქციების გამოსყიდვას პროგნოზირებდა, ისევე როგორც გასულ წელს. ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ აქციები ვაჭრობის ბოლოს 2%-ით გაიზარდა.
Apple-მა მეორე კვარტალში iPhone-ის გაყიდვებით 51,3 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა, რაც ანალიტიკოსების პროგნოზს (49 მილიარდი დოლარი) აჭარბებს. ეს მხოლოდ 1,5%-ით მეტია, ვიდრე ერთი წლის წინ იყო, მაგრამ მაინც რეკორდული მაჩვენებელია, ამბობს აღმასრულებელი დირექტორი ტიმ კუკი.
iPad-ის შემოსავალი 13%-ით, 6,67 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.
ანალოგიურად, Mac განყოფილების შემოსავალი 31%-ით 7,17 მილიარდ დოლარამდე დაეცა. პროგნოზირებული იყო 7,7 მილიარდი დოლარი.
Financial Times-ის თანახმად, პირველ კვარტალში, Mac-ისა და iPad-ის გაყიდვების მკვეთრი შემცირების გამო, მთლიანი შემოსავალი 2,5%-ით, 94,8 მილიარდ დოლარამდე, შემცირდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ხოლო წმინდა შემოსავალი 3,4%-ით, 24,2 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, იტყობინება Financial Times.
„კომპანია წარმატებული იყო განვითარებად ბაზრებზე“, - განაცხადა კუკმა და მიუთითა რეკორდულ კვარტალურ გაყიდვებზე მექსიკაში, ინდონეზიაში, ფილიპინებში, საუდის არაბეთში, თურქეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში.