Microsoft ცდილობს შეინარჩუნოს ადგილი რუსულ ბაზარზე, მან არასანქცირებულ კომპანიებს მათი პროგრამული უზრუნველყოფისთვის ლიცენზიების გაგრძელება შესთავაზა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
გამოცემა წერს, რომ ამის პარალელურად, Microsoft-ი აგრძელებს უკრაინის დახმარებას. ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან კომპანიის ჯამურმა დახმარებამ 400 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა, მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ Microsoft-ი გააუმჯობესებს რუსული ომის დანაშაულების მტკიცებულებების შეგროვებას და ანალიზს.
წლის დასაწყისიდან 1000-მდე რუსულმა ორგანიზაციამ მიიღო პროგრამული უზრუნველყოფისთვის ლიცენზიების გაგრძელების შეთავაზება. ბაზრის მონაწილეები თვლიან, რომ Microsoft სწორედ ასე ცდილობს შეინარჩუნოს ადგილი რუსულ ბაზარზე და შეამციროს მეკობრეობის დონე.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მარტში ამერიკულმა კორპორაციამ შეაჩერა ახალი პროდუქტებისა და სერვისების გაყიდვა რუსეთში, მაგრამ განაგრძო არსებული მომხმარებლების მომსახურება და ოფისების შენარჩუნება.
ივნისში Microsoft განაცხადა, რომ აპირებს „არსებითად“ შეაჩეროს თავისი ოპერაციები რუსეთში „ეკონომიკური პერსპექტივის ცვლილების“ გამო, რომელიც გავლენას მოახდენს ბიზნესზე. თუმცა, კორპორაციამ დაარწმუნა, რომ „აგრძელებენ რუს კლიენტებთან არსებული სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებას“.
ოქტომბერში რუსულმა მედიამ დაიწყო წერა, რომ Microsoft-ი ფარულად დაბრუნდა რუსეთში და ყიდის პროგრამულ უზრუნველყოფას ფასდაკლებით. გასული წლის დეკემბერში კი კორპორაციამ რუსებს მისცა წვდომა Windows ოპერაციული სისტემის ჩამოტვირთვაზე.