გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვემო ქართლში ბრაკონიერობის ფაქტები გამოავლინეს – ინფორმაციას დეპარტამენტი ავრცელებს.
„მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანის მიმდებარედ, მდინარე დებედაზე და სოფელ კირაჩ მუღანლოში, მდინარე ხრამზე, მოქალაქეები თევზჭერას აკრძალული საშუალებების - ელექტროიარაღების გამოყენებით ახდენდნენ. სამართალდარღვევებს უკანონოდ ჰქონდათ მოპოვებული ჯამში 9 კგ-მდე ხრამულის სახეობის თევზი. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
უკანონო თევზჭერის ფაქტების პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენის მიზნით, დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე“ – ნათქვამია ინფორმაციაში.