ამერიკულმა კომპანია Meta-მ ხელოვნური ინტელექტის ახალი მოდელი, Muse Spark წარადგინა.
კომპანიის განცხადების თანახმად, ეს Meta-ს ყველაზე ძლიერი მოდელია და პირველი, რომელიც შემუშავებულია Meta Superintelligence Labs-ის (MSL) მიერ ანუ ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიის მიერ, რომელიც გასულ წელს დაარსდა.
ლაბორატორიის მთავარი მიზანია ე.წ. სუპერინტელექტის (ხელოვნური ინტელექტის სისტემა, რომელიც შესაძლებლობებით ადამიანის ტვინს აღემატება) შემუშავება.
Meta უკვე მუშაობს კიდევ უფრო ძლიერ მოდელებზე და გეგმავს Muse მოდელების მთელი სერიის შექმნას.
„ჩვენ პირადი სუპერინტელექტისკენ მიმავალ გზაზე ვართ - ასისტენტი, რომელსაც შეუძლია დაეხმაროს ყველას, ყველგან, იმაში, რაც მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია“, - აღნიშნავს კომპანია.
ისინი Muse Spark-ს უწოდებენ „ბუნებრივ მულტიმოდალურ აზროვნების მოდელს, რომელიც მხარს უჭერს ხელსაწყოების გამოყენებას, ვიზუალურ აზროვნებას და მრავალაგენტიან ორკესტრირებას“.