NASA-ს მიერ გამოქვეყნებული ახალი თანამგზავრული მონაცემებით ირკვევა, რომ მექსიკის დედაქალაქი მეხიკო წელიწადში დაახლოებით 25 სანტიმეტრით იძირება და წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად ჩაძირვად მეგაპოლისს.
მექსიკის დედაქალაქი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გაშლილი და მჭიდროდ დასახლებული ურბანული ტერიტორია (ფართობი 7800 კვ. კმ, მოსახლეობა დაახლოებით 22 მილიონი); მეხიკო და მიმდებარე ქალაქები გაშენებულია ამჟამად დამშრალი ტბის ფსკერზე.
ქალაქის ცენტრის ბევრი ქუჩა ოდესღაც არხები იყო, ტრადიცია, რომელიც განაპირა უბნებში დღესაც გრძელდება.
მიწისქვეშა წყლების ინტენსიურმა ამოტუმბვამ და ურბანულმა განვითარებამ მკვეთრად შეამცირა წყლოვანი ფენა, რის გამოც, უკვე საუკუნეზე მეტია, მეხიკო იძირება, რის გამოც, ქალაქის მრავალი მონუმენტი და ძველი შენობა შესამჩნევად გვერდზეა გადახრილი.
წყლოვანი ფენის შემცირებამ ასევე ხელი შეუწყო წყლის ქრონიკულ კრიზისს, რომელიც სავარაუდოდ მხოლოდ გაუარესდება.
„ეს აზიანებს მეხიკოს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, როგირიცაა მეტრო, სადრენაჟო სისტემა, წყალი, სასმელი წყლის სისტემა, საცხოვრებელი სახლები და ქუჩები. ნამდვილად ძალიან დიდი პრობლემაა“, — ამბობს მეხიკოს ეროვნული ავტონომიური უნივერსიტეტის გეოფიზიკოსი ენრიკე კაბრალი.
მეხიკო იმდენად სწრაფად იძირება, რომ ეს კოსმოსიდანაც შეიმჩნევა.
NASA-ს ახალი მოხსენების თანახმად, ზოგიერთ ნაწილში ეს საშუალოდ თვეში 2 სანტიმეტრია; მაგალითად, ასეა ქალაქის მთავარი აეროპორტისა და სახელგანთქმული მონუმენტის, „დამოუკიდებლობის ანგელოზის“ ტერიტორიებზე.
საერთო ჯამში, დაძირვის მაჩვენებელი წელიწადში დაახლოებით 24 სანტიმეტრია. კაბრალის განცხადებით, ქალაქი საუკუნეში 12 მეტრით ჩადის დაბლა.
NASA-ს შეფასებები ეფუძნება 2025 წლის ოქტომბრიდან 2026 წლის იანვრამდე თანამგზავრ NISAR-ის მიერ ჩატარებულ გაზომვებს; ეს თანამგზავრი რეალურ დროში აკონტროლებს ცვლილებებს დედამიწის ზედაპირზე და წარმოადგენს NASA-ს და ინდოეთის კოსმოსის კვლევის ორგანიზაციის ერთობლივ პროექტს.
NISAR-ის მეცნიერი პოლ როუზენი ამბობს, რომ კოსმოსიდან დედამიწის დეტალების გადაღებით, ეს პროექტი გვეუბნება, თუ რა ხდება მიწის ზედაპირის ქვეშ.
მკვლევართა ჯგუფი იმედოვნებს, რომ თანდათან უფრო მეტად შეისწავლიან კონკრეტულ ზონებს და მიიღებენ სპეციალურ ზომებს ყოველი შენობისთვის.
უკვე ათწლეულებია, მექსიკის ხელისუფლება ამ პრობლემას დიდწილად აიგნორებს; ერთადერთი, რასაც ყურადღებას აქცევდნენ, არის ზოგიერთი ნაგებობის საძირკვლის გამაგრება, მაგალითად, მეხიკოს ცენტრალური კათედრალის.
მომზადებულია nasa.gov-ისა და Associated Press-ის მიხედვით.