რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ და პარტია "ერთიანი რუსეთის" თავმჯდომარემ, დმიტრი მედვედევმა, რუსულ სამთავრობო მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთმა "ძალის გამოცდა" წარმატებით გაიარა და დასავლეთის "ისტერიის" მიუხედავად მოსკოვმა "აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა დაიცვა".
მედვედევის მტკიცებით, როგორც წარსულში საქართველოს, ისე ახლა უკრაინის შემთხვევაში დასავლეთი "ფესვგადგმული რუსოფობიის" საფუძველზე მოქმედებდა. მან ასევე განაცხადა, რომ საქართველო წინა ხელისუფლების დროს "მიღებული შოკისგან სრულად ჯერ კიდევ არ გამოჯანმრთელებულა".
"დასკვნები ნამდვილად გამოიტანეს. დღეს თბილისი პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს, მაგრამ კრიმინალური რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანი კიდევ დიდხანს იქნება საგრძნობი." – ამბობს მედვედევი ინტერვიუში.
ამას გარდა, ის ირწმუნება, რომ დასავლეთმა საქართველო რუსეთის წინააღმდეგ "გეოპოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად" გამოიყენა, ხოლო მოგვიანებით, NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების დაპირებების მიუხედავად, "მიატოვა".
ამასთან, მედვედევი ერევანს დასავლეთთან დაახლოების შემთხვევაში "საქართველოს მსგავსი ბედით" დაემუქრა და დაამატა, რომ რუსეთის ეკონომიკისგან მოწყვეტა სომხეთში ღრმა "შიდა კრიზისს" გამოიწვევს.