მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა, Meta-ს აღმასრულებელ დირექტორ მარკ ცუკერბერგს OpenAI-ის შეძენაში დახმარება სთხოვა. შეგახსენებთ, მასკის კონსორციუმმა ამისთვის მიმდინარე წელს $97.4-მილიარდიანი წინადადება მოამზადა. ცუკერბერგი შეთანხმებაში არ ჩაერთო. ამის შესახებ ინფორმაცია სასამართლო დოკუმენტებშია მოყვანილი.
ChatGPT-ის შემქმნელი OpenAI-ის განცხადებით, მასკმა ცუკერბერგთან მოლაპარაკებები შესაძლო ინვესტიციებზე და ფინანსურ ხელშეწყობაზე პირადად გამართა, რაზეც მან ინფორმაცია ფიცის ქვეშ დაკითხვაზეც დაადასტურა.
OpenAI ფედერალურ მოსამართლეს სთხოვს, Meta-ს დაევალოს ყველა შესაბამისი დოკუმენტისა და კომუნიკაციის წარდგენა, რომლებიც როგორც OpenAI-ის შესყიდვის მცდელობას, ასევე კომპანიის შესაძლო რესტრუქტურიზაციას ეხება. Meta, თავის მხრივ, ამტკიცებს, რომ ასეთი დოკუმენტები სასამართლო პროცესისთვის არ არის მნიშვნელოვანი და OpenAI-მ მსგავსი მასალა მასკისგან და მისი AI-სტარტაპისგან, xAI-ისგან, უნდა მოითხოვოს.
საქმე მას შემდეგ გამწვავდა, რაც აგვისტოში ფედერალურმა მოსამართლე ივონ გონსალეს როჯერსმა დაადგინა, რომ მასკს მოუწევს პასუხი გასცეს OpenAI-ის ბრალდებებს, რომელთა თანახმად მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა საჯარო განცხადებებით, სოციალური ქსელებით, იურიდიული სარჩელებით და ფიქტიური შესყიდვის მცდელობით კომპანია დააზარალა.
ცნობისთვის, Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა გასულ წელს OpenAI-სა და მის CEO-ს, სემ ოლტმენს კომპანიის მოგების მოდელზე გადასვლის გამო უჩივლა. OpenAI-მ მასკის წინააღმდეგ საპასუხო სარჩელი მიმდინარე წლის აპრილში წარადგინა. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესი 2026 წლის გაზაფხულზეა ჩანიშნული.