სამწუხაროდ, აშშ-ში მიიღეს გადაწყვეტილება, სრულად უგულებელყონ „ლინდსი გრემის აქტი“, რომელსაც რუსეთზე ზეწოლა უნდა გაეზარდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, აღნიშნულ კანონს უკრაინისთვის დიდი დახმარების გაწევა შეეძლო.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტები უკვე მოამზადეს. მადლიერი ვარ ამისთვის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამერიკაშიც ყველამ დაინახოს, რა ხდება რეალურად. მაშინ, როდესაც რუსეთმა ჩვენს ენერგეტიკულ სექტორზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა, ამერიკაში, სამწუხაროდ, მიიღეს გადაწყვეტილება, სრულად უგულებელყონ „ლინდსი გრემის აქტი“, რომელსაც რუსეთზე რეალურად ზეწოლა უნდა გაეზარდა, რათა ეს ომი დასრულებულიყო. ამ აქტს შეეძლო, და ახლაც შეუძლია, უდიდესი დახმარება გაგვიწიოს, თუმცა ამისთვის საჭიროა, მან რეალურად იმუშაოს და მის მხარდასაჭერად თითოეულ ხმას მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ მასშტაბურ თავდასხმაზე. ზელენსკის თქმით, ყველაზე რთული ვითარება ლუცკში, რივნეში, ჟიტომირში, ვინიცაში, შევეტივკაში, სლავუტასა და ნეტიშინში იყო. დარტყმები განხორციელდა ხარკოვის, კიევის, დნიპროსა და სხვა რეგიონების ენერგეტიკულ ობიექტებზეც.
ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები გააძლიერა და ცდილობს, მაქსიმალურად გამოფიტოს უკრაინის რესურსები და აღდგენითი სამუშაოების შესაძლებლობები.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელი სამხედროები სამიზნეების მნიშვნელოვან ნაწილს ანადგურებენ, რუსული დარტყმების მასშტაბი და უწყვეტი ხასიათი მძიმე შედეგებს იწვევს.
„რუსეთი ზამთრის დადგომამდე უკრაინაში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამოწვევას ცდილობს. რუსეთს სურს, მილიონობით ჩვენი მოქალაქე ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე დატოვოს. ამის შესაჩერებლად საჭიროა ზეწოლა. აშშ-ის მხრიდან სანქციების შემსუბუქება, აგრესორზე ზეწოლის შემცირება და პუტინისთვის ფინანსური ჯილდოს მიცემა – ეს ყველაფერი მას მხოლოდ ახალი თავდასხმებისკენ უბიძგებს. ჩვენ პოზიციები არ უნდა დავთმოთ. ომის დასრულების მცდელობა უნდა გავაგრძელოთ. ჩვენი მიზანი ომის დასრულებაა და არა პუტინისთვის ყველა იმ მიზეზის მიცემა, რომლებიც მას ომის განუსაზღვრელი ვადით გაგრძელებისკენ უბიძგებს. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ნამდვილად იბრძვის მშვიდობისთვის და უკრაინას ეხმარება“, – წერს ზელენსკი.