საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ევროკავშირს სთხოვს, გაააქტიუროს თავისი იძულების საწინააღმდეგო ინსტრუმენტი, იგივე ევროკავშირის სავაჭრო „ბაზუკა“ იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის მხრიდან გრენლანდიის საკითხის გამო ახალი ტარიფები დაწესდება.
ამის შესახებ „ევრაქტივი“ ელისეის სასახლის პრესმდივანზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.
ამასთან, მედიის ინფორმაციით, მსგავსი სურვილი გამოთქვა ევროპარლამენტარმა, ვალერი ჰაიერმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის გაგზავნილ წერილში.
„ევროკავშირის ანტიიძულებითი ინსტრუმენტი აქტიურად უნდა მომზადდეს, რადგან ის სპეციალურად ამ ხასიათის ეკონომიკურ ზეწოლაზე რეაგირებისთვის შეიქმნა“, – ნათქვამია წერილში.
გერმანელი ევროპარლამენტარი, ბერნდ ლანგე კი მიიჩნევს, რომ აშშ ვაჭრობას „პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად“ იყენებს და აცხადებს, რომ ევროკავშირის ანტიიძულებითი ინსტრუმენტი სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის შეიქმნა.
ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნების ელჩები შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი ნაბიჯების განსახილველად შეიკრიბებიან.
როგორც „ევრაქტივი“ წერს, „ბაზუკა“, რომელიც ეკონომიკური ზომების საკმაოდ ფართო სპექტრს მოიცავს, ევროკავშირმა 2023 წელს დაამტკიცა, მაგრამ არასდროს გამოუყენებიათ. ის ბრიუსელის ყველაზე ძლიერი სავაჭრო იარაღია – კომისიას საშუალებას აძლევს, დააწესოს სანქციები არა მხოლოდ საქონელზე, არამედ მომსახურებაზეც. ეს ინსტრუმენტი ითვალისწინებს ფართო კონტრზომებს, მათ შორის ინვესტიციების შეზღუდვას, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის გაუქმებას, კომპანიების ლიცენზიების შეჩერებას და ევროკავშირის სახელმწიფო შესყიდვებზე წვდომის აკრძალვას. მისი გააქტიურებისთვის საჭიროა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების კვალიფიციური უმრავლესობის მხარდაჭერა – ევროკავშირის 27 ქვეყნიდან 15-ის, რაც ევროკავშირის მოსახლეობის, სულ მცირე, 65%-ს წარმოადგენს.
„ევრაქტივის“ ცნობით, გასულ წელს ზოგიერთმა ქვეყანამ, მათ შორის საფრანგეთმაც მიანიშნა ამ ინსტრუმენტის გამოყენებაზე, როგორც ბერკეტზე ვაშინგტონთან მოლაპარაკებებში, თუმცა მისი ოფიციალური გამოყენება შიდა დისკუსიებს არასდროს გასცდენია.
ცნობისთვის, იტალიის პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის მიერ ევროპის ქვეყნების წინააღმდეგ ტარიფების დაწესების მუქარას შეცდომა უწოდა. ამის შესახებ იტალიის მთავრობის მეთაურმა სეულში გააკეთა განცხადება.
მისივე თქმით, ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტს და მიიჩნევს, რომ გრენლანდიის გარშემო შექმნილი ვითარება არასათანადოდ მკაფიო კომუნიკაციის შედეგია.
„ტარიფების დაწესებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც გადაწყვიტეს, წვლილი შეიტანონ გრენლანდიის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, მივიჩნევ შეცდომად და ასეთ მიდგომას არ ვიზიარებ. ვესაუბრე დონალდ ტრამპს და ეს ვუთხარი. ასევე, ვესაუბრე ნატო-ს გენერალურ მდივანს და ვაპირებ, ველაპარაკო ევროპელ პარტნიორებს. არსებობს არასათანადო გაგების და კომუნიკაციის პრობლემა, რადგან ევროპის ქვეყნების მიერ გრენლანდიაში სამხედროების გაგზავნის ინიციატივა არ უნდა განიხილებოდეს ანტიამერიკულ კონტექსტში“, – განაცხადა ჯორჯია მელონიმ.
მისივე თქმით, გრენლანდიის გარშემო შექმნილი ვითარება უნდა განიხილებოდეს ნატო-ს ჩარჩოში. იტალიის მთავრობის მეთაურის თქმით, ის იზიარებს აშშ-ის შეშფოთებას არქტიკის რეგიონში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ეს რეგიონი გადამწყვეტია სტრატეგიული თვალსაზრისით.
„საჭიროა ერთად მუშაობა, დიალოგთან დაბრუნება და ესკალაციის არდაშვება“, – აღნიშნა იტალიის პრემიერ მინისტრმა.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სავაჭრო ტარიფებს დაუწესებს ყველა იმ ქვეყანას, რომელიც მხარს უჭერს დანიის ტერიტორიულ მთლიანობას და საკუთარი სამხედროები გააგზავნეს გრენლანდიაში. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, 10%-იანი ტარიფები პირველი თებერვლიდან დაუწესდება დანიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, ნიდერლანდებს, ფინეთს, ნორვეგიას და დიდი ბრიტანეთს. მისივე თქმით, გრენლანდიის საკითხთან დაკავშირებით შეთანხმება თუ არ შედგება, მაშინ პირველი ივნისიდან ტარიფები 25%-მდე გაიზრდება. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ ტარიფები ძალაში დარჩება, ვიდრე გრენლანდია აშშ-ის მფლობელობაში არ გადავა. ტრამპი აცხადებს, რომ კუნძულის ფლობა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. კონკრეტულად, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ეს ტერიტორია საჭიროა სარაკეტო თავდასხმებისგან დასაცავად გამიზნული ახალი სისტემის, „ოქროს გუმბათის“ ეფექტური ფუნქციონირებისთვის.