მსოფლიოს უმსხვილესი ფუფუნების საქონლის მწარმოებელი LVMH (Moet Hennessy Louis Vuitton) 2024 წლის პარიზის ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების სპონსორი ხდება.

მანამდე საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან (IOC) სპონსორობის ხელშეკრულებებს ხელი მოაწერეს ისეთმა მსხვილმა ფრანგულმა კომპანიებმა, როგორიცაა BPCE საბანკო ჯგუფი, ფარმაცევტული კომპანია Sanofi და საცალო ვაჭრობის კომპანია Carrefour-ი.

LVMH-ის ხელმძღვანელის ვაჟმა და საოჯახო ბიზნესის ერთ-ერთმა მემკვიდრემ ანტუან არნომ, დაადასტურა ჰოლდინგის, როგორც სპონსორის მონაწილეობა ოლიმპიადაში. შესაბამისი განცხადება პრესკონფერენციაზე გაკეთდა, რომელსაც ესწრებოდნენ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი, თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი ტონი ესტანგე და საფრანგეთის სპორტის მინისტრი ამელი უდეა-კასტერა.

თანამშრომლობის ხელშეკრულება ეხება ერთდროულად რამდენიმე LVMH ბრენდს: მაგალითად, Chaumet საიუველირო სახლი შეიმუშავებს ოლიმპიური მედლების დიზაინს, ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი Moet Hennessy მიაწოდებს თავის პროდუქტებს, ხოლო, კოსმეტიკური და პარფიუმერიის საცალო ვაჭრობის ბრენდი Sephora ოლიმპიური ჩირაღდნის შექმნას დააფინანსებს.

გარდა ამისა, LMVH გააფორმებს სასპონსორო კონტრაქტებს საფრანგეთის ნაკრების ზოგიერთ სპორტსმენთან, კერძოდ, ცურვაში მსოფლიოს ჩემპიონ ლეონ მარშანთან.

LVMH-სა და IOC-ს შორის დადებული ხელშეკრულებების დეტალები არ გამჟღავნებულა.

LVMH Moet Hennessy Louis Vuitton SE-ის აქციები სამშაბათს ვაჭრობაში 1.3%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის დასაწყისიდან მათი ღირებულება 28%-ით გაძვირდა.