რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ლაიფციგის აეროპორტში დრონთან დაკავშირებული ინციდენტის გამო მოსკოვის დადანაშაულებას "ნამდვილი ომის დასაწყისი" უწოდა. ამის შესახებ მან 6 სექტემბერს Россия 1-ის ჟურნალისტ პაველ ზარუბინთან ინტერვიუში ისაუბრა.

"ლაიფციგი, აეროპორტი... იქ რაღაც დრონი იპოვეს. თქვეს, რომ ეს რუსული დრონი იყო და გარკვევა არავის დაუწყია. ეს, არსებითად, ნამდვილი ომის დასაწყისია. ბონში გენერალური საკონსულო დახურეს, განაცხადეს, რომ შეთანხმება გაწყვიტეს. ბერლინში რუსეთის სახლს ხურავენ. მახსოვს, რომ მეორე მსოფლიო ომის, უფრო სწორად კი, დიდი სამამულო ომის დაწყებამდე გერმანელებიც ხურავდნენ თავიანთ დიპლომატიურ მისიებს." – თქვა ლავროვმა.

მან გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის განცხადებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის მოსკოვს ომს უცხადებს.

ცნობისთვის, 1-ელ სექტემბერს გერმანიის მთავრობამ ოფიციალურად განაცხადა, რომ ლაიფციგ-ჰალეს აეროპორტში დრონებთან დაკავშირებულ ინციდენტზე პასუხისმგებელი რუსეთია და საპასუხო ზომები გამოაცხადა.

მოგვიანებით გერმანიის განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა გამოეხმაურე და დაიმუქრა, რომ გერმანია "ღირსეულ პასუხს" მიიღებს ბერლინში "რუსული სახლის" საქმიანობის შესახებ შეთანხმების გაუქმებისა და ბონში რუსეთის გენერალური საკონსულოს დახურვის გადაწყვეტილებისთვის.